საქართველოსთან მიმართებით გადამწყვეტი ევროკავშირის ქმედებები იქნება - ბრაიზა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, მეთიუ ბრაიზა "ქართულ ოცნებას" არაკეთილსინდისიერაბასა და საკუთარი მოქალაქეების მოტყუებაში ამხელს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ იცრუა, როდესაც თქვა, რომ ისინი ევროინტეგრაციის მომხრეები იყვნენ და ქვეყანაც ამ მიმართულებით მიჰყავდათ.
მეთიუ ბრაიზა ფიქრობს, რომ პრემიერის გადაწყვეტილება, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას გულისხმობდა, პოლიტიკურად არასწორ ნაბიჯი იყო ანდა უარესი, მიზნად პროვოკაციას ისახავდა.
ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ სანქციები, რომელიც ამერიკამ "ოცნების" 20 წარმომადგენელს დაუწესა, უფრო სიმბოლური ხასიათისაა, რათა ნათლად დაანახონ ივანიშვილის ხელისუფლებას, რომ ის არადემოკრატიულად იქცევა.
ეს არის სიმბოლური და პოლიტიკური გადაწყვეტილება. სიმბოლურია, რათა აჩვენოს საქართველოს მთავრობას, რომ ამერიკა გაბრაზებულია, თუმცა, ვიცით, რომ მათ ეს არ ადარდებთ. სიმბოლურია იმიტომაც, რომ ამას ფინანსური შეზღუდვები არ მოჰყვება. ეს არ არის "გლობალური მაგნიტკსის აქტის” ფარგლებში დაწესებული შეზღუდვა, შესაბამისად, არავის აქტივები არ გაიყინება.
ვსაუბრობთ მხოლოდ სავიზო შეზღუდვაზე და არ ვიცით ზუსტად, ვინ არის ეს 20 ადამიანი. თუმცა, ამის გარდა, ამ სანქციებით, ჩვენ ვსაუბროთ სხვა მნიშვნელოვან სიმბოლოებსა და სიგნალებზე. ამ ნაბიჯით, ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ეუბნება "ქართულ ოცნებას", რომ ის არაკეთილსინდისიერი იყო, როდესაც ამბობდა, რომ არჩევნები საქართველოს ევროკავშირში შესვლას შეეხებოდა. თუ სწორად მახსოვს, მათი სლოგანი იყო: '"ღირსებით ევროპისკენ". ფაქტზე, რომ არჩევნებიდან მალევე, თითქმის ერთ თვეში, პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა ევროპასთან ასოცირების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ-რომელსაც მოსახლეობის, მინიმუმ 80% ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება - სწორედ ამაზე ამერიკა ამბობს, რომ [დაპირება] ტყუილი იყო, რომ ეს არადემოკრატიულია; რომ ხალხი, ვინც ეს ჩაიდინა, არ არის დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, ჩვენ არ გვინდა თქვენთან საქმის დაჭერა.
ვფიქრობ, ესაა გზავნილი ქართველი ხალხისთვისაც, ერთგვარი მოწოდება მათთვის, რომ მათ მთავრობას ისინი არასწორი მიზნებიდან გამომდინარე, არასწორი მიმართულებით მიჰყავს.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის ამ ბოლო გადაწყვეტილებას. ეს ან პოლიტიკურად არასწორი განსჯის და ამპარტავნების ნიშანი იყო, იმის გაუცნობიერებლობა როგორ უპასუხებს ქართველი ხალხი ამას, ან მას უბრალოდ არ აინტერესებდა [რა მოჰყებოდა ამას], ან უბრალოდ, აშკარა პროვოკაციაა. მას უნდა ესმოდეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილებამ [თავის დროზე] გამოიწვია ჯერ მაიდანი, შემდეგ კი რევოლუცია უკრაინაში", - აღნიშნავს ბრაიზა.
ბრაიზას თქმით, აშშ ცდილობს, ყველა ბერკეტი ერთდროულად არ გამოიყენოს და იტოვებს უფლებას, გააძლიეროს სანქციები ფინანსური და კრიმინალური კუთხით.
ვფიქრობ, სახელმწიფო დეპარტამენტი წინდახედულია. მათ სურთ, რომ თითო ნაბიჯი გადადგან. ეს კი საკმაოდ დიდი ნაბიჯია იმასთან ერთად, რაც აქამდე უკვე გადაიდგა- იცით, რომ ნოემბერში, ამერიკამ სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა საქართველოსთან, ივლისში კი ამერიკულმა ჯარმა უვადოდ გადადო "ღირსეული პარტნიორის" სამხედრო წვრთნები.
ეს ყველაფერი ქართველი ხალხისადმი ძლიერი გზავნილია, რომ თქვენს მთავრობას არ მიჰყავხართ იმ მიმართულებით, რაც თქვენს 80%-ს არ სურს და პუტინის ბრძანებებს ასრულებს.
ასევე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს სურს დაელოდოს და ნახოს, რა გავლენა ექნება ამ ნაბიჯებს და ყველა შესაძლებლობა ერთდროულად არ გამოიყენოს. ის იტოვებს უფლებას [სამომავლოდ] გააძლიეროს სანქციები და გახადოს ისინი ეკონომიკური, ან კრიმინალური.
ასევე, ვფიქრობ, ეს არის ამერიკული დემოკრატიის პატივისცემის ნიშანი- ხუთ კვირაში ახალი პრეზიდენტი შეუდგება საქმიანობას და მას ექნება შანსი, საკუთარი გზა აირჩიოს და გადაწყვიტოს, სურს თუ არა სანქციების გამკაცრება, ან სხვა მიმართულებით წასვლა", - აღნიშნავს ამერიკელი მაღალჩინოსანი.
მეთი ბრაიზა აღნიშნავს, რომ პირველადი ეფექტი და გავლენა საქართველოსადმი სწორედ ევროკავშირის მიდგომებს ექნება.
პირველადი ეფექტი, რა თქმა უნდა, ევროკავშირსა და მის მიდგომას ექნება საქართველოსადმი. ვინაიდან, ქართველებს ევროკავშირში სურთ გაერთიანება. მათ უნდათ, რომ ევროპის ნაწილი იყვნენ. ამერიკის მსგავს ქმედებას ევროპიდან გაცილებით უფრო დიდი ეფექტი ექნება, ვინაიდან ევროკავშირი ამით იტყვის: ქართველებო, თქვენი მთავრობა ჩვენგან გაშორებთ. ჩვენ გვსურს თქვენთან ყოფნა, მაგრამ თქვენს მთავრობას არ ვუნდივართ. სწორედ ისინი არ გაძლევენ იმას, რაც გსურთ.
ევროკავშირიდან ასეთ გზავნილს გაცილებით უფრო დიდი გავლენა ექნება, ვიდრე იმას, რას იტყვის, ან გააკეთებს ვაშინგტონი. ასე რომ, თუ ტრამპის ადმინისტრაცია არ გადაწყვეტს, რომ იგივე მიდგომა ჰქონდეს საქართველოს მთავრობისადმი სანქციებთან მიმართებაში, ამაზე არ ვიღელვებ, რადგან გადამწყვეტი ევროკავშირის ქმედებები იქნება", - აღნიშნავს ბრაიზა.
აშშ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ასევე ხაზს უსვამს, რომ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიცია არაფროსიონალურად მოქმედებდა. მისი თქმით, სამართალდამცველები იქცეოდნენ ისე, როგორც ეს საბჭოთა რეჟიმის დროს ხდებოდა, ამიტომ მნიშვნელოვანია, მათ ამისთვის პასუხი აგონ.
უამრავი ადამიანი ვნახე სასტიკად ნაცემი, ცხვირგატეხილი... პოლიცია სრულიად შეუსაბამოდ, არაპროფესიონალურად იქცევა- ისე, როგორც დიქტატურის, საბჭოთა კავშირის ტერორისტული რეჟიმის დროს ხდებოდა. იმედი მაქვს მათ პასუხს აგებინებენ. ისეთი ფორმით ესხმიან დემონსტრანტებს თავს, მიჩნდებდა კითხვა რაიმე პრეპარატის გავლენის ქვეშ ხომ არ არიან? ეს უბრალოდ შეუსაბამოა ამ პროტესტთან. ასევე შესაძლოა, ვინმე ეუბნება პოლიციას, რომ ან დემონსტრანტებს დაესხმებიან თავს, ან მათაც იგივე მოუვათ-არც ამას გამოვრიცხავ.
რა თქმა უნდა, ასეთი ძალადობა უნდა დაიგმოს, მას ადგილი არ აქვს დემოკრატიაში. თავად პოლიციელებმაც შესაძლოა პასუხი აგონ ისე, როგორც ეს ნიურენბერგის პროცესის დროს მოხდა მას შემდეგ, რაც ჰიტლერის დიქტატურის წლები დასრულდა. ამას არანაირი გამართლება არ აქვს, - დასძენს ბრაიზა.