"სუს-ის ნასეტკები არიან" - ხაბეიშვილი რუსთაველის გამზირზე მისულ "ტიტუშკებზე"
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მისულ ე.წ. ტიტუშკებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი "სუს-ის ნასეტკებს" უწოდებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საპოლიციო ძალებსა და რუსებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს და "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები თავის მოქალაქეებს ისევე უსწორდებიან, როგორც ოკუპანტები ანწუხელიძეს მოექცნენ.
ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მთავარ გასაღებად თავისუფალ გარემოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას მიიჩნევს.
ესენი არიან სუს-ის ნასეტკები. მათ ენაზე უნდა ვთქვა, სხვა ენა მათ არ ესმით. მერე მორალზე საუბრობენ თითქოს თვითონ ''კარგი ბიჭები'' არიან. კარგი ბიჭობა რა არის, თქვე კაი დედმამიშვილებო, 19-20 წლის ბიჭი რომ ციხეშია, ეგ რატომ არის კარგი ბიჭობა. რომ დგახართ და იგრიხებით და ამბობთ, რომ აქცია არ მოგწონთ, 18 წლის ბიჭს ქვეყნის სიყვარულისთვის ციხეში უშვებენ, შენ რანაირი კარგი ბიჭი ხარ, რანაირი ვაჟკაცი ხარ", -ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
თბილისის მეტროში გამოჩენილი ე.წ. ტიტუშკები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდნენ - ნიღბიანი პირები ევროპული მომავლის მცველების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ და მათ როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
თავდაპირველად, დედაქალაქის მთავარ გამზირზე მობილიზებულ საპატრულო პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია, თუმცა უცხო პირების დაკავების შესახებ ხალხის შეძახილებისა და პროტესტის ფონზე, სამართალდამცველებმა ნიღბიანები ადგილიდან, სავარაუდოდ, განარიდეს.