კობახიძე ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას "ანტიქართულ ნაბიჯს" და პროვოკაციას უწოდებს

17.12.24 14:03
კობახიძე ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას "ანტიქართულ ნაბიჯს" და პროვოკაციას უწოდებს

"ოცნების" პრემიერი ამტკიცებს, რომ ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ  ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩეროს, არასერიოზულია და მხოლოდ სიმბოლურ ხასიათს ატარებს. ამასთან, ირაკლი კობახიძე აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისევ პროვოკაციას და ანტიქართულ ნაბიჯს უწოდებს. 

იხილეთ თვითონ ევროპელების კომენტარებიც ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ეს არის არსებითად სიმბოლური დატვირთვის მატარებელი აქტი. ჯერ ეს აქტი გამოიცემა თუ არა გარკვეული არ არის, იმიტომ, რომ ტექნიკურ სირთულეებთანაც არის დაკავშირებული ამ შეზღუდვის შემოღება, მაგრამ თავადვე აცხადებენ, რომ ეს არის, უბრალოდ, სიმბოლური ჟესტი და პრაქტიკული დატვირთა მაინც და მაინც არ ექნება. რეალური პრივილიგების გაუქმება ამით არ ხდება, არის, უბრალოდ, პოლიტიკური ჟესტი და არის მორიგი ანტიქართული გადაწყვეტილება. ეს არის მარტივი პროვოკაცია. პროვოკაციის მიზანი არის ის, რომ მეორე მხარე წამოეგოს პროვოკაციაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ლიეტუვის და ესტონეთის შემთხვევაში, არ ვაპირებთ ასეთ მარტივ ხრიკებზე წამოგებას. ჩვენ გვექნება აბსოლუტურად პრაგმატული პოლიტიკა, - ამბობს კობახიძე. 

ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე შეთანხმდა. ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად ვის შეეხება ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები

მსგავსი სიახლეები