დასავლეთის სანქციებს გაგრძელება ექნება - გრიგოლ გეგელია

20.12.24 11:33
დასავლეთის სანქციებს გაგრძელება ექნება - გრიგოლ გეგელია

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ „ქართული ოცნების“ თვითმარქვია რეჟიმის წარმომადგენლებს საბოლოო განაჩენი გამოუტანა, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ოპოზიციონერმა ლიდერმა იმ დანაშაულებებზე ისაუბრა, რომელსაც არალეგიტიმური ხელისუფლება საკუთარი ხალხის და ქვეყნის წინაშე სჩადის და აღნიშნა, რომ დასავლეთი "ოცნების" ლიდერების დასანქცირებას იქამდე განაგრძობს, ვიდრე ახალი არჩევნები არ დაინიშნება. 

გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ შეზღუდვები, რომელიც პარტნიორებმა ივანიშვილის ხელისუფლების ლიდერებს დაუწესეს, სრულად ქართველი ხალხის მტკიცე ბრძოლის შედეგია. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რეჟიმს პროტესტი რაც შეიძლებმა მეტმა საჯარო მოხელემ და დიპლომატმა გამოუცხადოს.

გეგელია აცხადებს, რომ ქართველი ხალხის მშვიდობიანი ბრძოლა აუცილებლად მათი გამარჯვებით დასრულდება.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ „ქართული ოცნების“ თვითმარქვია რეჟიმის წარმომადგენლებს საბოლოო განაჩენი გამოუტანა. თვითგამოცხადებული, არალეგიტიმური ბანდ-ფორმირება, სახელად „ქართული ოცნება“ უკვე ოფიციალურად არის გამწესებული ტერორისტების, ავტოკრატების და საერთაშორისო კრიმინალების შავ სიაში, რომელთანაც ცივილიზებულ მსოფლიოს საერთო არაფერი გააჩნია.

მშვიდობიანი მოქალაქეების  დატერორებას და სახელმწიფოს მოტაცების მცდელობას საერთაშორისო თანამეგობრობა არ ტოვებს უპასუხოდ. დასავლეთი მოქმედებს, და მოქმედებს მწვავედ. გარდა სავიზო რეჟიმის გაუქმებისა კონკრეტული პირებისთვის, უკვე აგრეთვე დაწესებულია ფინანსური და ეკონომიკური სანქციები, რაც გაგრძელდება მანამ, სანამ არალეგიტიმური რეჟიმი არ შეწყვეტს ტერორიზმს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და არ დაინიშნება ახალი არჩევნები.   

დადგა მომებტი, როდესაც ბოროტმოქმედთა დაჯგუფებას, სახელად „ქართული ოცნება“ არამარტო არ აღიარებს არცერთი დემოკრატიული სახელმწიფო, არამედ ახლა უკვე ჰყავს სანქცირებული ლიდერები, მათ შორის მოქმედი ე. წ. პრემიერი და ე. წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლის მაგნისტკის სიაში შეყვანა არის ამ რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულების - ადამიანების დევნის, წამების, გატაცების, დატერორების - პირდაპირი აღიარება სრულიად ცივილიზებული მსოფლიოს მიერ. 

საყურადღებოა, რომ გარდა მაგნიცკის სანქციებისა, აშშ-მ ასევე დააწესა დამატებითი სავიზო სანქციები სხვადასხვა ადგილობრივი მუნციპალიტეტის მმართველებსა და მათ ოჯახებზე, რომლებიც ბოროტად იყენებდნენ საკუთარ უფლებამოსილებას და ზღუდავდნენ ადამიანების უფლებას, თავისუფლად და ძალდატანების გარეშე მიეცათ ხმა. ამ ნაბიჯით, აშშ-მ კიდევ ერთხელ და კიდევ უფრო მკაფიოდ დააფიქსირა, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში არ ჩატარებულა დემოკრატიული არჩევნები, რომელსაც რაიმე ლეგიტიმაცია შეიძლება ჰქონდეს.

კრიმინალური, სანქცირებული რეჟიმის პირობებში წარმოუდგენელია სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირება; სრულად გაუქმებულია უსაფრთხოების და განვითარების შანსები და გაჩერებულია თანამშრომლობა კრიტიკული მიმართულებებით, როგორიცაა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, ინვესტიციები, ზრდა და განვითარება.

ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს შავ ლაქას საქართველოს ისტორიაში, რომლის წყალობით ყოველი დღე,  რომელსაც საქართველო გაატარებს არალეგიტიმური რეჟიმის მმართველობის ქვეშ უდიდეს დარტყმას აყენებს თითოეული მოქალაქის ფინანსურ, ფიზიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ კეთილდღეობას. ყოველი დღე, რომელსაც საქართველო გაატარებს სანქცირებული, კრიმინალი ლიდერების მმართველობის ქვეშ არის დღე, რომელიც ქართველმა ერმა დაკარგა კეთილდღეობისკენ, მშვიდობისკენ, ევროკავშირისკენ და ნატოსკენ მიმავალ გზაზე. 

და აქ არ არსებობს გამონაკლისები - ბოროტმოქმედი რეჟიმის წყალობით, მნიშვნელოვნად დაზარალდება თითოეული მოქალაქე, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა.   

და ბოლოს, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მიერ დაწესებული სანქციები არის ქართველი ხალხის ურყევი ბრძოლის, გამარჯვებული კოალიციის კოორდინირებული მუშაობისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. მინდა თითოეულმა პატრიოტმა მოქალაქემ იცოდეს, რომ მისი წვლილი ამ პროცესში ფასდაუდებელია. ახლა როგორც არასდროს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ, ყველა ჩვენგანმა, განგრძობითად შეიტანოს საკუთარი წვლილი თვითგამოცხადებული რეჟიმის მშვიდობიანი ჩამოშლის საქმეში.

ამასთან, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მეტმა და მეტმა დიპლომატმა, საჯარო მოხელემ და ძალოვანმა მიატოვოს ბოროტმოქმედი რეჟიმი, რომელმაც განახორციელა საკონსტიტუციო გადატრიალება და საკუთარ ერს ღია ომი გამოუცხადა.

ეს არის ქართველი ერის თავისუფალი, მშვიდობიანი ბრძოლა თვითმარქვია რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც დასრულდება ერის გადამწყვეტი გამარჯვებით!, - განაცხადა გეგელიამ. 
 

ცნობისთვის, 19 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და გდდ-ის ხელმძღვანელის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა და მაგნიტსკის სიაში შეიყვანა. 

ამასთან, 19 დეკემბერს, დიდმა ბრიტანეთმა შინაგან საქმეთა მინისტრს და პოლიციის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორის არიან მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური.

 

მსგავსი სიახლეები