გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნა არაადეკვატური გადაწყვეტილებაა - ჯაფარიძე
მაგნიტსკის სიაში შეყვანილი ვახტანგ გომელაურის ვიცე-პრემიერად დანიშვნას კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე "არაადეკვატურ" გადაწყვეტილებად აფასებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ საქართველოს იზოლირებული პრემიერი არაჯანსაღ მდგომარეობაში იმყოფება, შესაბამისად მის მიერ გადადგმული მსგავსი ტიპის ნაბიჯები მოსალოდნელია.
ჩვენი ქვეყანა რა მდგომარეობაშიც არის, ეს არის უპრეცედენტო მდგომარეობა იმ თვალსაზრისით, რომ სასამართლოს მართავენ შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული მოსამართლეები, მთავრობის წევრები არიან მაგნიტსკის სიაში, პარლამენტის წევრებს ევროპაში და აშშ-ში მოგზაურობა აქვთ აკრძალული. ეს წარმოუდგენელი ვითარებაა, რომელიც შეიქმნა, ქართველი ხალხი არ იმსახურებს ამას. მტერს არ ვუსურვებ იმ სიჯანსაღეს, რაც ახლა კობახიძეს აქვს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს და ეს მოსალოდნელიც არის", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
შეგახსნებთ, რომ დღეს, 20 დეკემბერს, სანქცირებულმა ირაკლი კობახიძემ მაგნიტსკის სიაში შეყვანილი შს მინისტრი ვიცე-პრემიერად დანიშნა.
ცნობისთვის, 19 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და გდდ-ის ხელმძღვანელის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა და მაგნიტსკის სიაში შეიყვანა.
ამასთან, 19 დეკემბერს, დიდმა ბრიტანეთმა შინაგან საქმეთა მინისტრს და პოლიციის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორის არიან მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური.