ბერსე: მივმართე სახელმწიფო უწყებებს, თავი შეეკავებინათ არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან, გაეთავისუფლებინათ ყველა ადმინისტრაციული წესით დაკავებული
"მივმართე სახელმწიფო უწყებებს, თავი შეეკავებინათ არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან, გაეთავისუფლებინათ ყველა ადმინისტრაციული წესით დაკავებული - მივიღე გარკვეული დაპირებები" - ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ განაცხადა.
ალენ ბერსემ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებული სასტიკი ანგარიშსწორება დაგმო.
უწყებებთან შეხვედრისას აბსოლუტურად ცხადად განვაცხადე, რომ ფუნდამენტური უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, მედიის და შეკრების თავისუფლება გაწერილია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში. მისი ინტერპრეტირება და განმარტება ხდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ და ეს უნდა იყოს აბსოლუტურად დაცული და მიუღებელია მათი დარღვევა, განსაკუთრებით, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ.
რიგი განგაშის სიგნალებისა იყო გამოგზავნილი ჩვენს პლატფორმაზე, რომლებიც ეხებოდა ჟურნალისტების წინაშე არსებულ საფრთხეებს, მათ დაცვის საჭიროება, რომლის საფრთხეც ძალიან მომეტებულია. ასევე ვნახეთ, რომ იყო ბრუტალური თავდასხმები მედიასაშუალებების წარმომადგენლების წინააღმდეგ. მე მივმართე სახელმწიფო უწყებებს, რომ პირველ რიგში, თავი შეეკავებინათ არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან, სწრაფად განეხორციელებინათ დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება, რათა უზრუნველყოფილიყო ყველა პასუხისმგებელი პირისთვის პასუხისგების დაკისრება და ამასთან, გაეთავისუფლებინათ ყველა ადმინისტრაციული წესით დაკავებული. მივიღე გარკვეული დაპირებები ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბერსემ.
ცნობისთვის, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე საქართველოში 18 დეკემბერს ჩამოვიდა. მან შეხვედრები ბიძინა ივანიშვილთან, ირაკლი კობახიძესთან, შალვა პაპუაშვილთან და ლევან იოსელიანთან გამართა. ალენ ბერსე "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია "ძლიერი საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" წარმომადგენლებსაც შეხვდა. ამასთან, დახურულ კარს მიღმა აუდიენცია მედიის წარმომადგენლებთან, მესამე სექტორთან და მშვიდობიან დემონსტრანტებთანაც გამართა.