კობახიძე ამტკიცებს, რომ რუსულ კანონში ცვლილებების შეტანაზე იმსჯელებს
არალეგიტიმური პრემიერი ალან ბერსესთან საუბრის დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ მას მისცა პირობა, გამჭვირვალობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის საკითხი განიხილოს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება რუსული კანონის გაუქმებას ითხოვს, კობახიძე ამტკიცებს, რომ მზადაა, კანონში ცვლილელების შეტანი საკითხი ალან ბერსესთან ერთად განიხილოს.
რაც შეეხება კობახიძის მეორე პირობას, რომელიც ადმინისტრაციული წესით დაკავებულების გათავისუფლებას ეხება, ისედაც ცხადია, რომ აღნიშნული კონკრეტულ ვადებში დაკავებულების გათავისუფლებას გულისხმობს.
მოგეხსენებათ, რომ ძირითადად ძალადობრივი აქტების გამო ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული ადამიანების გარკვეული რაოდენობა. საქართველოში, განვმარტეთ, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა არის 15 დღე, შესაბამისად, თვის ბოლომდე ეს ადამიანები სრულად იქნებიან გათავისუფლებულები. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც სისხლის სამართლებრივი ბრალდების ქვეშ არიან წინასწარ პატიმრობაში.
მსჯელობა გვქონდა გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით. აქაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი ღიაობა მსჯელობასთან მიმართებით. ჩვენ ღია ვართ მსჯელობისთვის. ასეთი ღიაობა ჩვენ დაფიქსირებული გვქონდა კანონის მიღების პროცესშიც, კანონის მიღების შემდეგ. ვამბობთ კიდევ ერთხელ მარტივ რამეს: თუ ვინმე დაგვისაბუთებს, რომ ამ კანონში არის რაიმე უარყოფითი, რა თქმა უნდა, მზად ვართ ამ საკითხებზე მსჯელობისთვის. სადაც დაგვისაბუთებენ, რომ არის სამართლებრივი ხარვეზები, რა თქმა უნდა, იქ მზად ვართ გადასინჯისთვის. ძლივს ვნახეთ ევროპელი ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ არგუმენტებით გვესაუბროს. პირველი ევროპელია, რომელიც გვეუბნება, რომ მზად არის, დაგვიჯდეს, არგუმენტებით გვესაუბროს ამ კანონთან დაკავშირებით, რასაც ვითხოვთ ამდენი ხანია. მართლა საოცრება მოხდა. ეს შეიცვალა. აქედან გამომდინარე, დავუდასტურეთ ამ ღირსეულ კაცს მზაობა დისკუსიისთვის, - ამბობს კობახიძე.
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონის შეცვლის პირობა გასცა.
ალენ ბერსეს თქმით, ვენეციის კომისიისა და ევროპის საბჭოს ექსპერტებით დაკომპლექტებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც იმ ცვლილებების იდენტიფიცირებას მოახდენს, რაც კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს.