კობახიძე აშშ-ს სანქციებს "ანტიქართულ გადაწყვეტილებად" აფასებს და ამტკიცებს, რომ "გომელაურის დაწინაურება აქამდეც განიხილებოდა"

20.12.24 15:03
კობახიძე აშშ-ს სანქციებს "ანტიქართულ გადაწყვეტილებად" აფასებს და ამტკიცებს, რომ "გომელაურის დაწინაურება აქამდეც განიხილებოდა"

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ვახტანგ გომელაურისა და ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნების დასანქცირების  შემდეგ, საქართველოს იზოლირებული პრემიერი, ირაკლი კობახიძე პირველ კომენტარს აკეთებს. 

"ქართული ოცნების" ლიდერი შტატების გადაწყვეტილებას "ანტიქართულად" აცხადებს და ამტკიცებს, რომ მოცემული ნაბიჯის უკან "არაფორმალური გავლენები ჩანს".

ამასთან, ირაკლი კობახიძე მაგნიტსკის სიაში შეყვანილი ვახტანგ გომელაურის დაწინაურებასაც ეხმაურება და კამერების წინ ირწმუნება, რომ შს მინისტრის ვიცე-პრემიერად დანიშნა "აქამდეც განიხილებოდა".

ეს საკითხიც მანამდე განიხილებოდა აქტიურად, თუმცა გარკვეულმა გადაწყვეტილებებმა ჩვენი გადაწყვეტილება დააჩქარა. ეს (სანქციები) არის მორიგი ანტიქართული გადაწყვეტილება. აქაც ჩანს არაფორმალური გავლენები. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოში შსს მოქმედებს ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით, გვაქვს კონკრეტული მაგალითები. გახარიას მინისტრობის პერიოდში 7-მა ადამიანმა უმძიმესი დაზიანება მიიღო, რისი აუცილებლობაც არ არსებობდა, მაგრამ მათი ფავორიტის, გახარიას მოქმედებების შედეგად, 7-მა ადამიანმა ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე დაზიანება მიიღო.

არსებობს ორმაგი სტანდარტი. დღეს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მოქმედი შსს დაასაქნცირეს, მაგრამ თავის დროზე ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, არ დაუსანქცირებიათ. რაც შეეხება ჩვენს რეაგირებას სანქციებზე, თუკი რომელიმე მოხელეს წარმოექმნება რაიმე ფინანსური დანაკლისი, ქართული სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას," - აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსნებთ, რომ დღეს, 20 დეკემბერს, სანქცირებულმა ირაკლი კობახიძემ მაგნიტსკის სიაში შეყვანილი შს მინისტრი ვიცე-პრემიერად დანიშნა.

ცნობისთვის, 19 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და გდდ-ის ხელმძღვანელის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა და მაგნიტსკის სიაში შეიყვანა. 

ამასთან, 19 დეკემბერს, დიდმა ბრიტანეთმა შინაგან საქმეთა მინისტრს და პოლიციის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორის არიან მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური.

მსგავსი სიახლეები