სანქციების გამო ფინანსურ დანაკარგებს მოხელეებს სახელმწიფო აუნაზღაურებს - კობახიძე
"თუკი რომელიმე მოხელეს წარმოექმნება რაიმე ფინანსური დანაკლისი, სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს - ამის შესახებ იზოლირებულმა პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა და აშშ-ის მიერ გომელაურისა და ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნების დასანქცირებას გამოეხმაურა.
"ქართული ოცნების" ლიდერმა შტატების გადაწყვეტილებას "ანტიქართული" უწოდა და ამტკიცებდა, რომ მოცემული ნაბიჯის უკან "არაფორმალური გავლენები ჩანს".
რაც შეეხება ჩვენს რეაგირებას სანქციებზე, თუკი რომელიმე მოხელეს წარმოექმნება რაიმე ფინანსური დანაკლისი, ქართული სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს ამ დანაკლისის კომპენსირებას," - აღნიშნა კობახიძემ.
ცნობისთვის, 19 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და გდდ-ის ხელმძღვანელის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა და მაგნიტსკის სიაში შეიყვანა.
ამასთან, 19 დეკემბერს, დიდმა ბრიტანეთმა შინაგან საქმეთა მინისტრს და პოლიციის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორის არიან მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური.