"საქართველოში ისევ ისე თენდება და ღამდება, როგორც აქამდე" - პაპუაშვილი აშშ-ის სანქციებზე
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნების მაგნიტსკის სიაში შეყვანას საქართველოს ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი "უსამართლო გადაწყვეტილებად" აცხადებს.
"საქართველოში ისევ ისე თენდება და ღამდება, როგორც აქამდე" - ამბობს შალვა პაპუაშვილი და იქვე ამტკიცებს, რომ ადამიანის უფლებათა უხეშად შელახვისთვის ჩინოვნიკების დასანქცირება აშშ-ის რეპუტაციას აზიანებს.
ვხედავდით, რომ თვეების განმავლობაში მუქარის ინსტრუმენტად იყო გამოყენებული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, შიგნით, თუ გარეთ, ეს მუქარა განხორციელდა და ვნახეთ, რომ საქართველოში ისევ ისე თენდება და ღამდება, როგორც აქამდე თენდებოდა და ღამდებოდა, საქართველო წინ მიდის, ჩვენი საზოგადოება წინ მიდის, ასეთი გადაწყვეტილებები ჩვენს ხალხს ვერ დააზიანებს, ერთადერთი, რასაც ეს გადაწყვეტილებები აზიანებს, იმ ქვეყნების, თუ ხელისუფლებების რეპუტაციას, რომლებიც ამგვარ გადაწყვეტილებებს იღებენ", - თქვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 19 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და გდდ-ის ხელმძღვანელის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დაუწესა და მაგნიტსკის სიაში შეიყვანა.
ამასთან, 19 დეკემბერს, დიდმა ბრიტანეთმა შინაგან საქმეთა მინისტრს და პოლიციის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორის არიან მინისტრი ვახტანგ გომელაური, მისი მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, სულხან თამაზაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური.