მოვუწოდებთ "ოცნებას", ვენის მექანიზმის ამოქმედებით საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს - ველდკამპი
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი პლატფორმა X-ზე წერს, რომ "ეუთოს 38-მა წევრმა სახელმწიფომ ვენის მექანიზმი გაააქტიურა, რათა ღრმა შეშფოთება გამოხატოს საქართველოში მიმდინარე რეპრესიების გამო".
კასპარ ველდკამპი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, "ამ მექანიზმის ამოქმედებით საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს".
გუშინ, ნიდერლანდების ინიციატივით, ეუთოს 38-მა მონაწილე სახელმწიფომ ვენის მექანიზმი გაააქტიურა, რათა ღრმა შეშფოთება გამოხატოს საქართველოში დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობისა და რეპრესიების გამო. ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული უნდა იყოს. ეუთოს ვალდებულებების შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ამ მექანიზმის ამოქმედებით საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს“, - წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი.
ცნობისთვის, 20 დეკემბერს, საქართველოსთან დაკავშირებით ეუთოს 38-მა წევრმა სახელმწიფომ ვენის მექანიზმი გააქტიურა. 38 ქვეყნის დელეგაცია წერილში, რომლის ადრესატიც ეუთოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელი, ალექსანდრე მაისურაძეა, მშვიდობიან დემონსტრანტებსა და მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული ძალადობის თაობაზე ღრმა შეშფოთებას გამოხატავს.