"ეუთოს დასკვნა ადასტურებს, რომ არჩევნები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავდა" - ჩუგოშვილი
კონსტიტუციონალისტმა თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა, რომ ეუთოს დასკვნა დასტურია იმისა, რომ 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავდა.
თამარ ჩუგოშვილი, რომელიც პრეზიდენტის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში პირველი იმპიჩმენტის პროცედურის დროს იცავდა, განმარტავს, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამოჩნდება, თუ როგორ გაგრძელდება პროცესები.
შეხვედრის მიზანზე შეხვედრის შემდგომ შემეძლება საუბარი. ეუთოს დასკვნის საბოლოო ვერსია ბევრად უფრო მძიმე არის, ვიდრე წინასწარი დასკვნა და ყველაზე უფრო მძიმე დასკვნა არის, რაც ოდესმე საქართველოსთან დაკავშირებით დაწერილა. ადასტურებს იმას, რასაც ვამბობდით, რომ ეს იყო ყველაზე ცუდად ჩატარებული არჩევნები და რეალურად არ გამოხტა ქართველი ხალხის ნება. მე ვფიქრობ, ეს დასკვნა არის ამის დასტური. როგორ გაგრძელდება პროცესები, ეს გამოჩნდება დღევანდელი შეხვედრის შემდგომ'', - ამბობს თამარ ჩუგოშვილი.
ამ წუთებში ყურადღების ცენტრშია ათონელის საპრეზიდენტო სასახლე - პრეზიდენტი ოპოზიციონერ პოლიტიკებს, სამოქალაქო საზოგადოების წევრებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.
დახურულ კარს მიღმა მიმდინარე აუდიენციის მთავარი თემა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებული უმწვავესი ანგარიში იქნება.