ექსკლუზივი: ვინ გადაამზადა საიდუმლო ვითარებაში, ოლიგარქის ჯალათები ბელორუსიდან? - ჟურნალისტური გამოძიება
ექსკლუზივი: გაშიფრულია აქციების დარბევის ბელორუსული სცენარი - "შაბათის ეთერმა" ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოწყობილი სისხლიანი ნოემბრის დღეებში, ოლიგარქის სპეცრაზმის მოქმედების ტაქტიკა და ბელორუსული ომონის მიერ მინსკის 2020 წლის აქციების დარბევის მეთოდები ერთმანეთს შეადარა. ყველაფერი ერთმანეთს ერთი-ერთში ემთხვევა. წამების მეთოდები, აქციის მონაწილეებისთვის მიყენებული დაზიანებები, განსაკუთრებული სისასტიკე და სისხლის სამართლის საქმეების გაყალბების გზები, ერთმანეთის იდენტურია.
"შაბათის ეთერი" ესაუბრა სასტიკად ნაცემ მომიტინგეებს, მათი გამოკითხვით დგინდება, რომ ბელორუსშიც და საქართველოშიც ომონელების მიზანი, სახის არეში რაც შეიძლება მეტი დაზიანების მიყენება იყო. სპეციალისტების თქმით, ეს შემთხვევითობა არ არის, ეს მინსკშიც და თბილისშიც, დასჯის საჩვენებელი მეთოდია.
ბელორუსში ადამიანების წამების შესახებ მომზადებულ დასკვნებში წერია, რომ სპეცრაზმელები დაკავებულებს აგინებდნენ, სცემდნენ და არ მალავდნენ რომ მათი მიზანი, ამ ადამიანების დემორალიზება იყო - აქციაზე უკან დაბრუნების სურვილი რომ აღარასდროს გასჩენოდათ.
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, მუშაობდა და სწავლობდა, როგორც ლუკაშენკოს რეჟიმის ბრძანებით ნაწამები ხალხის საქმეებზე, ასევე ივანიშვილის სისხლიანი ნოემბრის დროს დაზარალებულთა ქეისებზეც. ლელა ცისკარიშვილი, ექსპერტების დასკვნების საფუძველზე ამბობს, რომ "ხარებას" სპეცრაზმი, რუსი ან ბელარუსი ინსტრუქტორების მიერ არიან გადამზადებული.
- "შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2024 წლის ზაფხულში, რუსული კანონის საწინააღმდეგო, ხალხმრავალი აქციების შემდეგ, თბილისში, სპეცდანიშნულების რაზმების გასაწვრთნელად, ოლიგარქის პირადმა მცველმა, სწორედ ბელორუსული ომონის ინსტრუქტორები ჩამოიყვანა.
- "ტვ პირველის"გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ გომელაურმა ლუკაშენკოს სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირი ჯერ კიდევ მაშინ დაამყარა, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იყო.
- მოპოვებულია ფოტო-მასალა, რომელიც გომელაურის მიერ, ბელარუსის უსაფრთხოების კომიტეტთან, შეთანხმების გაფორმებას ასახავს. სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც წერია, რომ საქართველო-ბელარუსის სპეცსამსახურები ბევრ სფეროში ითანამშრომლებენ, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ საკითხებშიც.
- გომელაურის ხელმოწერილ ხელშეკრულებაში, რომელიც საქართველოსა და ბელორუსის სპეცსამსახურების თანამშრომლობას ითვალისწინებს და 2021 წლის 13 აგვისტოდან ამოქმედდა, პირდაპირ წერია, რომ საქართველოს შეუძლია, ბელორუსის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დახმარება სასწავლო კურსის ორგანიზებისთვისაც შეუძლია მიიღოს და ამ მიზნით, იქაური კადრები საქართველოში ჩამოიყვანოს.
საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი - ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლები, რომლებიც გომელაურის ომონად ქცეული პოლიციელების პირისპირ აღმოჩნდნენ, გამოთქვამენ ეჭვს, რომ წინა ხაზზე გამოყვანილ ქართველ ფორმიანებს, ზურგს, რუსულად მოლაპარაკე ნიღბიანები უმაგრებენ. არსებობს ეჭვი, რომ სიკვდილის 6 კაციანი ბრიგადებიდან, ვინც უკვე დაკავებულებს წამების მანქანებში უსწორდებოდა და ხელკეტების კორიდორში ატარებდა, მინიმუმ სამი ქართველი არ იყო.
შაბათის ეთერის კონფიდენტის ცნობით, სოფელი კოდისწყარო გამოიარეს თეთრმა პიკაპებმა, რომლებმაც ოკუპირებული ორჭოსანიდან, სისასტიკით გამორჩეული ჩრდილო კავკასიელები გადმოიყვანეს.
სანდო წყარო ძალოვანი უწყებიდან "შაბათის თერს" უყვება, რომ 6 კაციან მორბენალ რაზმში, 3 რუსულენოვანია და მათ სისასტიკის გარდა, დანარჩენებისგან ისიც გამოარჩევთ, რომ მომიტინგეების ნათქვამი არცერთი სიტყვა არ ესმით. სწორედ ისინი უსწორდებიან, ამ ავტომობილებში შეყრილ ახალგაზრდებს.
კარგად ინფორმირებული წყარო, "შაბათის ეთერს" იმასაც უყვება, რომ ამ მძიმე დღეებში, საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსულ სპეცსამსახურებთან საიდუმლო თანამშრომლობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძე-რომანოვიც იმყოფებოდა. ის თბილისში საგანგებო მისიით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ჩამოვიდა.
არის კიდევ ერთი გარემოება, რომელიც სისხლიანი შემოდგომის დაწყებას, საეჭვოდ დაემთხვა. ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ოლიგარქის მიერ დატრიალებულ, სასტიკი ანგარიშსწორებების დასაწყისშივე, თბილისში UFC-ის ჩემპიონი, ჰაბიბ ნურმაგამედოვიც ჩამოვიდა.