ეკონომიკური კრიზისი და ახალი არჩევნების საკითხი - ბიზნესმენები ირაკლი კობახიძეს ხვდებიან
უპრეცედენტო ამბოხის შემდეგ ბიზნესმენები ირაკლი კობახიძესთან მივიდნენ. მსხვილი კომპანიების მფლობელებმა ახლა "ქართული ოცნება" უნდა დაარწმუნონ, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნებია ჩასატარებელი. ერთმანეთის პირისპირ მთავრობის ადმინისტრაციაში დასხდებიან მეამბოხე ბიზნესმენები და "ოცნების" მომხრეები, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ ხმის ამოღება ჯერ ვერ გაბედა. შეხვედრას მსხვილი ბიზნესის 100-მდე წარმომადგენელი ესწრება.
ბიზნესის დიდი ნაწილი საუბრობს, რომ პოლიტიკური კრიზისი ბიზნესზე უარყოფითად უკვე აისახა, თუმცა იანვარი და თებერვალი უფრო მძიმე იქნება.
ჩვენ ვიკრიბებით იმისთვის, რომ ვილაპარაკოთ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე. ჩვენ, 2200-ზე მეტმა ბინესის წარმომადგენელმა, გავაკეთეთ განცხადება საჯარო სივრცეში და გამოსავლის გზებიც იქ აღვნიშნეთ: ეს არის დაკავებულების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები, - თქვა შეხვედრაზე შესვლამდე ბიზნესის წარმომადგენელმა.
რთულ მდგომარეობაშია ბიზნესი, ყველა ვხვდებით. დღეს გარკვეული სექტორები უკვე არიან პრობლემის ქვეშ. ანუ ტურისტი აღარ ჩამოდის, სტუმარ-მასპინძლობის სექტორი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, ასეა გარკვეული სექტორები და პერსპექტივა არ ჩანს. მთავარია, მოხდეს დეესკალაცია, დეპოლარიზაცია, იმიტომ, რომ შეუძლებელია ასე ცხოვრება. შეიძლება არჩევნები იყოს გამოსავალი, ვნახოთ, რას იტყვის პრემიერი, - ამბობს კიდევ ერთი ბიზნესმენი.
რაც შეეხება "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულ ბიზნესმენებს, მათ "პირველების" კითხვებს არ უპასუხეს. ისინი არ ამბობენ, რაშია გამოსავალი. ბიზნესმენები ან პირდაპირ აგრესიაზე გადმოიდოდნენ ან ამტკიცებდნენ, რომ ქვეყანაში კრიზისი არ არის.
თქვენ გინდათ, რომ ხვალ დადგეს ის დღე, რომ აგაწიოკონ. თქვენ კარგად ისხდებით, მაგრამ დანარჩენები? თქვენ რომელ ქვეყანაში ცხოვრობდით აქამდე? 12 წლის წინ სად იყავით? დაისვენა ქვეყანამ. უკრაინაში მოგწონს რაც ხდება?, - ამბობდნენ დღეს ივანიშვილის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები, რომლებიც მმართველი პარტიიდან სარგებელს იღებენ.
ლარის კურსზე რომ მიმდინარეობს შეტევა, სწორად მიგაჩნიათ თქვენ? 30 წელი ნაწუკ-ნაკუწ ვაგროვეთ ეს ქვეყანა და ეკონომიკა და ლარი. ჩამოვაქციოთ ლარი, მესმის მოთხოვნები და არ ვუერთდები ამ მოთხოვნას, -ამბობს კიდევ ერთი ბიზნესმენი.