პეტრ პაველი: მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევას ამ რთულ ვითარებაში
მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევას ამ რთულ ვითარებაში - ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტი X-ზე წერს.
პეტრ პაველი წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტს ესაუბრა, საუბრის თემა კი საქართველოში განვითარებული პროცესებია:
"გასულ პარასკევს, ეუთომ გამოაქვეყნა თავისი ანგარიში საქართველოში არჩევნების შესახებ, რასაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდება მოჰყვა.
განიხილება უახლესი მოვლენები. მან მაცნობა არა მხოლოდ ოქტომბრის არჩევნების სხვადასხვა ხარვეზებზე, რომლებიც ხაზგასმულია ანგარიშში, არამედ მიმდინარე რეპრესიების, ძალადობისა და ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც სულ უფრო მეტად აახლოებენ საქართველოს რუსეთს. მე მხარს ვუჭერ პრეზიდენტის ძალისხმევას ამ რთულ ვითარებაში, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის." - წერს ჩეხეთის პრეზიდენტი X-ზე.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ასევე ესაუბრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს, შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსოს, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ედგარს რინკევიჩს.
საქართველოს პრეზიდენტმა ევროპელ კოლეგებს გააცნო ბიძინა ივანიშვილისადმი მისი შეთავაზება, რაც არის კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი. შეთავაზება გულისხმობს შეხვედრას ორ მთავარ საკითხზე შესათანხმებლად, რაც არის ახალი არჩევნების თარიღი და ეუთო ოდირის დასკვნის საფუძველზე არჩევნებისთვის ახალი პირობების განსაზღვრა.