კორუმპირებულ, მოღალატე და მოძალადე "ოცნებასთან" ერთად საკრებულოს სხდომას არ დავესწრებით - გახარიას გუნდი
თბილისის საკრებულოს სხდომას, სადაც კახა კალაძე დღეს ბიუჯეტის დამტკიცებას გეგმავს, არც გახარიას გუნდი დაესწრება. ამის შესახებ ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, თამარ ხვედელიანმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, კორუმპირებულ, მოღალატე და მოძალადე "ოცნებასთან" თანამშრომლობა არ სურთ და ბრძოლას ახალი არჩევნების და უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით ისევ რუსთაველის გამზირზე განაგრძობენ.
• საკრებულოს ფრაქციის “თბილისი საქართველოსთვის” სახელით გვსურს გამოვეხმაუროთ საკრებულოს დღევანდელ სხდომას, რომელზეც მობრძანდება ქალაქის მერი კალაძე და თბილისის მთავრობის წარმომადგენლები.
• როგორც უკვე იცით, „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრები 2024 წლის ივნისიდან, კერძოდ, ე.წ. „რუსული კანონის“ მიღებიდან, ვართ ბოიკოტის რეჟიმში.
• სამწუხაროდ, მას მერე ოცნების მავნებლურმა ქმედებებმა ჩვენი ქვეყანა უმძიმეს კრიზისსა და არაკონსტიტუციურ პროცესში შეიყვანეს - სისტემური კორუფციით, არჩევნების მოპარვით, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არაკონსტიტიუციური გადაწყვეტილებებით, მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობით ივანიშვილმა საბოლოოდ გადაწყვიტა ავტორიტარული რეჟიმის დამყარება ჩვენს ქვეყანაში.
27 დღიანმა სახალხო პროტესტმა მოგვიტანა ის, რომ:
• არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა არ აღიარებს არალეგიტიმურ მთავრობას და პარლამენტს;
• ჩვენი ქვეყნის მრავალი წლის პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან დაწესდა პერსონალური სანქციები იმ ინდივიდების მიმართ, ვინც არღვევს კონსტიტუციას, ძალადობს საქართველოს მოქალაქეებზე, ჩაფლულია სისტემურ კორუფციაში, ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში და კლავს ევროინტეგრაციის პროცესს.• ასეთ ვითარებაში, ჩვენ, ცხადია, არ დავესწრებით დღევანდელ სხდომას. კორუმპირებულ, მოღალატე და მოძალადე ოცნების უმრავლესობასთან ერთად.
• ჩვენ პროტესტის ნიშნად ვტოვებთ სხდომას და დღეს 19:00 საათზე ყველას გელოდებით დედაქალაქის მთავარ გამზირზე.
ერთად მოვითხოვოთ ახალი არჩევნები და ივანიშვილის მიერ მძევლად აყვანილი, უკანონოდ დაპატიმრებული ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება!
• ამ ბრძოლას ჩვენ ერთად აუცილებლად მოვიგებთ - ერთად დავაბრუნებთ საქართველოს ნორმალური, ევროპული, დემოკრატიული განვითარების გზაზე!, - განაცხადა თაარ ხვედელიანმა.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს სხდომაზე არც "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრები მივლენ. განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ირაკლი ნადირაძემ გააკეთა.