"ადგილი ჰქონდა წამების პრაქტიკას"- რა აჩვენა 11 მსხვერპლის შემოწმებამ?

24.12.24 11:41
 "ადგილი ჰქონდა წამების პრაქტიკას"- რა აჩვენა 11 მსხვერპლის შემოწმებამ?

ოთხი საერთაშორისო და სამი ადგილობრივი ორგანიზაციის წინასწარი დასკვნა ცნობილია - აქციის მონაწილეების მიმართ საპოლიციო ძალების მხრიდან წამების ფაქტები საერთაშორისო სამედიცინო ექსპერტიზებითაც დასტურდება.

ირკვევა, რომ საერთაშორისო ექსპერტებმა 11 მსხვერპლს ჩაუტარეს დამოუკიდებელი სამედიცინო შემოწმება - "ადგილი ჰქონდა წამების პრაქტიკას"- ამბობენ ექსპერტები.

მსოფლიოს წამყვანი ექსპერტებმა საქართველოს საპოლიციო ძალების  მოქმედების ტაქტიკა და ბელორუსული ომონის მიერ მინსკის 2020 წლის აქციების დარბევის მეთოდები ერთმანეთს შეადარეს. 

ექსპერტები ანგარიშში ხაზგასმით წერენ, რომ მათ 2020 წელს ბელარუსშიც შეაფასეს დემონსტრანტებზე თავდასხმები საპოლიციო ძალების მხრიდან და ამბობენ, რომ საქართველოში გამოყენებული ძალა დემონსტრანტების მიმართ შემაშფოთებლად მაღალია , რაც მიუთითებს "ფართოდ გავრცელებულ, მიზანმიმართულ პრაქტიკაზე, რომლის მიზანია ფიზიკური ძალის კონცენტრაციით თავის არეში ზიანის მიყენება".

მსოფლიოში წამყვანი სამედიცინო ექსპერტები იყვნენ ჩამოსულები, რომლებმაც 11 ადამიანი გასინჯეს. თითო გასინჯვა მიდიოდა სადღაც 1 საათი, მაშინ როდესაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან იგივე ადამიანებს 5-10 წუთში უშვებდნენ. სასამართლო-სამედიცინო მტკიცებულებები აჩვენებს ტრავმების შემაშფოთებელ მოდელს, სადაც სახისა და თავის დაზიანებები განსაკუთრებით ხშირია. ბევრმა დაზარალებულმა მიიღო მძიმე დაზიანება, მათ შორის, ცხვირის ძვლის მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევები და რბილი ქსოვილების მასშტაბური დაზიანებები" - თქვეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

მსგავსი სიახლეები