სააკაშვილის განცხადება ხელს უწყობს პოლარიზებას - ვაშაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ვაშაძის შეფასებით, სააკაშვილის განცხადება საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ხელს უწყობს ქვეყანაში პროცესების კიდევ უფრო პოლარიზებას.
უნდა გამოვეხმაურო განცხადებას მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, სამწუხაროდ, ეს კიდევ ხელს უწყობს პოლარიზებას ამ ქვეყანაში, ამ არჩევნებზე ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის პოლარიზების დასრულება, ეს რეფერენდუმი ტარდება არა იმაზე, ჩამოვა თუ არა სააკაშვილი საქართველოში, არამედ გავუშვებთ თუ არა "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებიდან. ჩვენ, ჩვენმა გუნდმა პარტნიორ პარტიებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ "მესამე ძალა", როგორც თავისუფალი პლატფორმა, ვისაც უნდა, რომ თვითონ მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში.
უნდა შევცვალოთ ეს უსამართლობა რაც ქვეყანაში ხდება. ჩვენ უნდა შევცვალოთ ის რეალობა, რაც არ გვაძლევს გასაქანს, რომ წინ წავიდეთ. ქვეყანა არ არის არც ბიძინა, არც მიშა, არც "ქართული ოცნება" და არც "ნაციონალური მოძრაობა" - საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავარღვიოთ უბედური, მოჯადოებული წრე. არ უნდა მივცეთ "ოცნებას" საშუალება მთლიანად კამპანია გადაიტანოს იმ საკითხზე, რაც გუშინდელი დღიდან დაიწყო, ფოკუსი უნდა გავასწოროთ რომ ქვეყანას ჭირდება ცვლილებები", - თქვა გიორგი ვაშაძემ.
მიხეილ სააკაშვილმა გუშინ საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გაააკეთა. მისი თქმით, ის საქართველოში 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის დაბრუნდება.