ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე - თავისუფალი ბიზნესი კობახიძეს უნდობლობას უცხადებს

25.12.24 16:18
ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის ზღვარზე - თავისუფალი ბიზნესი კობახიძეს უნდობლობას უცხადებს

თავისუფალი ბიზნესის პროტესტი  - 2300-ს აღწევს იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც კრიზისის დაძლევის გზად ახალ არჩევნებს მიიჩნევენ.

ბიზნესმენები პირდაპირ ამბობენ, რომ "ოცნების" პრემიერისგან კრიზისიდან გამოსასვლელი კონკრეტული გეგმა არ ჩანს.

შეხვედრა შეხვედრისთვის, მე, ზოგადად, წინააღმდეგი ვარ. იმიტომ, რომ არსებობს ბიზნესისთვის სერიოზული გამოწვევები, რაზეც გვინდა, რომ პასუხი მივიღოთ. მცდელობა არის, რომ ბიზნესი გაყონ და ერთმანეთს დააპირისპირონ, რისიც წინააღმდეგი ვარ, იმიტომ, რომ პრობლემებს და რაც შეეხება ეკონომიკას, ნათელია. ყველამ კარგად ვიცით, რომ გაყინვა ევროინტეგრაციის რა ბუნებაა ზოგადად ეკონომიკისთვის, აქედან გამომდინარე, კონკრეტული პასუხის მოსმენა ზოგ-ზოგიერთი ადამიანებისგან, რომ პრემიერმა დაგვარწმუნა, რომ ევროინტეგრაციას არაფერი ემუქრება, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, - ამბობს ბიზნესმენი კახა ხაზარაძე. 

რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე პირდაპირ ამბობს, რომ გამოსავალი მხოლოდ "ოცნების" ქმედებებშია და არა უბრალოდ, განაცხადებებში.  

ჩვენ ვართ კრიზისულ ვითარებაში, რომლიდანაც გამოსავალი არის ხელისუფლებისგან გადადგმული ნაბიჯები, რომლის კისერზეცაა მთელი პასუხისმგებლობა, შესაბამისად, მათ უნდა იმოქმედონ არა შეხვედრებით, არა განცხადებებით, არამედ ნაბიჯებით, რომ არ ჩამოვცილდეთ დასავლეთს, რომ არ ვიყოთ იზოლაციაში, - ამბობს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე.

აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნების" პრემიერთან შეხვედრას არ ესწრებოდა თემურ ჭყონია. მოგვიანებით მან განმარტა, რომ ამისთვის არ ეცალა. მისი თქმით, ეს ყველაფერი უკვე მოძველებულია და შედეგს ვერ გამოიღებს. სწორედ ჭყონიასგან ირკვევა ისიც, რომ სწორედ საერთო ჩატიდან მიიღეს შეხვედრაზე მიწვევა. 

შეგახსენებთ, რომ პროევროპული საპროტესტო აქციების ფონზე ირაკლი კობახიძე გუშინ  ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადად იმყოფებოდნენ "ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენები. 

ასევე ნახეთ: