სავარაუდოდ, პრეზიდენტი საზოგადოებრივ საბჭოსაც შექმნის - გვარამია

25.12.24 20:56
სავარაუდოდ, პრეზიდენტი საზოგადოებრივ საბჭოსაც შექმნის - გვარამია

კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ანა დოლიძის წინადადებას, 29 დეკემბრის შემდეგ დარჩნენ ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები ორბელიანების სასახლეში, იზიარებს.

სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციის დასრულების შემდეგ, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პრეზიდენტთან მხარეებმა იმსჯელეს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს და რა პირობების გათვალისწინებით უნდა ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ცნობით, პრეზიდენტის დაინიცირებული საბჭო, რომლის მანდატიც ხელახალი არჩევნების მომზადება იქნება, დაკომპლექტდება როგორც პოლიტიკოსებით, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წევრებით.

"გარკვეულწილად წარმოდგენები ამ საბჭოსა და სადამფუძნებლო დოკუმენტზე უკვე შეიქმნა დღეს, გარკვეული დრაფტი უკვე არსებობს" - ამბობს ნიკა გვარამია. 

ჩემი პერსონალური აზრია, რომ ძალიან მასშტაბური იქნება ეს მხარდაჭერა პრეზიდენტის მიმართ. ანას წინადადება იყო ეს და მხარს ვუჭერ სრულიად, რაც ანამ თქვა. 29-მდე, სავარაუდოდ, ჩვენ გექნება გარკვეული შეთანხმებები იმასთან დაკავშირებით, რას ვგულისხმობთ დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებით და რა არის ის პირობები, რომლებიც არცერთ შემთხვევაში არ გადაიხედება იმიტომ, რომ არჩევნების შედეგი იყოს ლეგიტიმური და არა რაღაცა ხაფანგი გადმოგდებული ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომელშიც ჩვენ გავებმებით, ეს ვერ მოხდება.

საბჭო, რომელიც პოლიტიკოსებისგან იქნება დაკომპლექტებული და, სავარაუდოდ, პრეზიდენტი ასევე შექმნის საზოგადოებრივ საბჭოს, მაგრამ ეს მისი საქმეა სრულად. ეს საბჭო იქნება ავანგარდში ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების. ჩვენ ამაზე მუშაობა ისედაც დაწყებული გვქონდა და ამასთან დაკავშირებით შეთანხმებები შედგება. გარკვეული დრაფტი უკვე არსებობს, თუმცა ბუნებრივია პრეზიდენტმა ეს უნდა გაიაროს'', - ამბობს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, 23 დეკემბერს ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა განაცხადა, რომ შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატი იქნება ახალი არჩევნების მომზადება.