ეჭვი მეპარება, რომ ის გულწრფელია და განცხადება ივანიშვილთან შეთანხმებული არ არის - ხაზარაძე რუხაძეზე
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სახელისუფლებო ტელევიზია "იმედის" მფლობელის მიერ ირაკლი კობახიძის კრიტიკას ეხმაურება და "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ ირაკლი რუხაძის განცხადების გულწრფელობაში ეჭვი ეპარება.
მეტიც, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ბიზნესმენებსა და თვითაღიარებულ პრემიერს შორის შეხვედრის მსვლელობისას ირაკლი რუხაძის განცხადება ბიძინა ივანიშვილთან იყო შეთანხმებული.
მე ეჭვი მეპარება ამ ყველაფრის გულწრფელობაში. ერთი მხრივ, გააკრიტიკო პრემიერი და მეორე მხრივ, დილიდან საღამომდე წლების განმავლობაში იყო პროპაგანდისტი ''ქართული ოცნების'', რომელიც მკვეთრად გამოკვეთილი რუსული ძალაა და წარმოადგენდე ტელეკომპანია ''იმედის'' მფლობელის სტატუსს. მე მის განცხადებაში ეჭვი მეპარება, რომ ეს არის გულწრფელი და არ არის შეთანხმებული ბიძინა ივანიშვილთან, იმიტომ რომ მსგავსი განცხადებები ამ სისტემაში ესე არ კეთდება. კრიზისი და პრობლემა არ დამდგარა კობახიძესთან შეხვედრის დროს. ეს კრიზი არსებობს უკვე 25-ე დღე და ღრმად, რომ წავიდეთ ეს კრიზისი არსებობს ბოლო ორი წელია'',- ამბობს მამუკა ხაზარაძე.
"პირველების" მიერ კანცელარიაში გუშინ გამართული შეხვედრის დეტალების გაჟღერების შემდეგ, პროსახელისუფლებო ტელევიზიის, "იმედის" მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი იყო, იმ ბიზნესმენებს შორის, ვინც ირაკლი კობახიძე გააკრიტიკა.
[პრემიერთან] ვთქვი, რომ როცა ასეთი რთული სამუშაო გაქვს, ფრთხილად უნდა იყო. მაგალითად, არ გააკეთო განცხადება, რომელიც გაკეთდა 28 ნოემბერს, რომლის 1 საათში შეცვლაც გიწევს - ამბობს ირაკლი რუხაძე ირაკლი კობახიძესთან ბიზნესის გუშინდელი შეხვედრის შესახებ საუბრისას.