სახელისუფლებო ტელევიზია "იმედის" მფლობელი ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებს
"პირველების" მიერ, კანცელარიაში გუშინ გამართული შეხვედრის დეტალების გაჟღერების შემდეგ, პროსახელისუფლებო ტელევიზიის, "იმედის" მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი იყო, იმ ბიზნესმენებს შორის, ვინც ირაკლი კობახიძე გააკრიტიკა.
[პრემიერთან] ვთქვი, რომ როცა ასეთი რთული სამუშაო გაქვს, ფრთხილად უნდა იყო. მაგალითად, არ გააკეთო განცხადება, რომელიც გაკეთდა 28 ნოემბერს, რომლის 1 საათში შეცვლაც გიწევს - ამბობს ირაკლი რუხაძე ირაკლი კობახიძესთან ბიზნესის გუშინდელი შეხვედრის შესახებ საუბრისას.
შეიძლება შენ თქვა, რომ რაღაცები არასწორად გააკეთა, მთავრობამ, რაც მე ვთქვი, მაგრამ იმხელა ცუნამი დაეცა ჩვენ მთავრობას უცებ თავზე, ეგზისტენციალური საშიშროებიდან უნდა გამოვიყვანო მე ჩემი ქვეყანა, რაღაცები შეიძლება აეჭრათ და აებნათ. ეს ვთქვი მე იქ. და ვთქვი, რომ ამ სიტუაციაში, როდესაც ესეთი რთული პიარ სამუშაო გაქვს, რომ რაც მე ვთქვი ეს მოყვე და მოყვე ისე, რომ დიდმა ნაწილმა მაინც დაგიჯეროს შენი მოსახლეობის, თქვენ უნდა იყოთ განსაკუთრებით ფხიზლად, რომ რაღაცები არ გააკეთოთ შეცდომები, მაგალითად, არ გააკეთო განცხადება, რომელიც გაკეთდა ნოემბერში, რომელიც გიწევს მერე 1 საათში შეცვლა, ახსნა, ამდენი ხანია უკვე, რა თქვა პრემიერმა განცხადებაში, იმას ვისმენთ ხო?! ეს არ შეიძლება" - თქვა რუხაძემ.
ის ერთერთი იყო იმ ბიზნესმენებს შორის, რომლებიც 23 დეკემბერს ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ.
- პრემიერს ვუთხარი: გულისყურით რომ გისმენდით, არ ნიშნავს რომ ყველანი ამ ოთახში ვეთანხმებით, - ეუბნება სახელისუფლებო მედიის მფლობელი "ტვ იმედს".
ამასთან რუხაძის თქმით, ირაკლი კობახიძემ გუშინდელ შეხვედრაზე ბიზნესმენებთან მოყვა ისტორია, როგორ სთხოვდა დასავლეთი საქართველოს მთავრობას ომში ჩართვას.
“მე პრემიერს ვუთხარი: ისტორია, რომელსაც თქვენ ყვებით არის რთული, ის, რომ ჩვენ გულისყურით გისმენდით და არ გაწყვეტინებდით, არ უნდა გადაითარგმნოს იმაში, რომ ან ყველას გვესმის რეალურად, რასაც გვიყვებით, ვინაიდან ძალიან ბევრი ნიუანსია ან ყველანი ვეთანხმებით. ჩვენ უბრალოდ პატივისცემით გისმენდით და არ გაწყვეტინებდით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამას ამ ოთახში ყველა ეთანხმება.
ისტორია მოკლედ არის შემდეგი: უკრაინაში დაიწყო ომი, ამ ომის დროს საქართველოს სთხოვეს ომში ჩართვა, სხვადასხვა ინტერპრეტაცია შეიძლება ჰქონდეს იმას, როგორ და რანაირად უნდა ჩავრთულიყავით და საქართველომ უარი თქვა ამ ომში ჩართვაზე და დიდი სანქციების დაწესებაზე. ამას მოჰყვა ძალიან დიდი ტალღა, ცუნამი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დასავლეთის ქვეყნებისგან, რომლებიც იმ დროს აწარმოებდნენ ომს რუსეთის წინააღმდეგ, ეხმარებოდნენ უკრაინას ფინანსურად და ა.შ. ეს იყო ამ ისტორიის დასაწყისი”, - აღნიშნა ირაკლი რუხაძემ.
ცნობისთვის, "პირველების" ინფორმაციით, ბიზნესმენეთან 4 საათიან შეხვედრაზე "ქართული ოცნების" პრემიერს, ირაკლი კობახიძეს ივანიშვილთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა ბიზნესმენმა "არაკომპეტენტური" და "არათანმიმდევრული" უწოდა.