აფთიაქებში უამრავი საშუალებაა, რომელსაც ფარმაცევტები ენტეროვირუსის, ფაღარათის ან ღებინების საწინააღმდეგოდ გვთავაზობენ. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და სრულიად უსაფრთხო მედიკამენტია სმექტა, რომელიც გამოდის პაკეტებში მოთავსებული ე.წ. პერორალური ფხვნილის სახით და გამოიყენება როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში მწვავე და ქრონიკული დიარეის სამკურნალოდ.
პრეპარატი ასევე გამოიყენება ეზოფაგიტით, გასტროდუოდენიტით გამოწვეული სიმპტომებისა და მსხვილი ნაწლავის დაავადებების მკურნალობის პროცესში.
როგორ დავლიოთ სმექტა — დოზირება და მიღების წესი
პრეპარატი მიიღება პერორალურად. პაკეტის შიგთავსი წყალში უშუალოდ მიღების წინ უნდა გახსნათ.
ჩვილებსა და ბავშვებში მწვავე დიარეის სამკურნალოდ პრეპარატი ინიშნება შემდეგი დოზებით: 1 წლამდე ასაკში: 2 პაკეტი დღეში, 3 დღე, შემდეგ კი 1 პაკეტი დღეში; 1 წლისა და უფროსი ასაკის ბავშვებში: 4 პაკეტი დღეში 3 დღე, შემდეგ 2 პაკეტი დღეში.
მოზრდილებმა პრეპარატი უნდა მიიღოთ, საშუალოდ, 3 პაკეტი დღეში. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის საწყის პერიოდში, სადღეღამისო დოზა შეიძლება გაორმაგდეს.
ეზოფაგიტის შემთხვევაში პრეპარატი მიიღეთ ჭამის შემდეგ, სხვა შემთხვევებში — კვებათა შორის.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7 დღეს. იმ შემთხვევაში, თუ 7-დღიანი მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატის გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები – რა განსაკუთრებული მითითებები უნდა დავიცვათ სმექტას მიღებისას?
მკურნალობის პერიოდში, შესაძლოა განვითარდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, შეკრულობა, კანისა და კანქვეშა ქსოვილების დარღვევები, გამონაყარი, ჭინჭრის ციება. ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა ან დოზის შემცირება.
პრეპარატი შეიცავს გლუკოზასა და საქაროზას. რეკომენდებული არ არის მისი გამოყენება ფრუქტოზის მიმართ აუტანლობის, გლუკოზისა და გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომის ან საქაროზა/იზომალტაცის დეფიციტის მქონე პაციენტებში.
პრეპარატი ასევე სიფრთხილის დაცვით უნდა მიიღონ ანამნეზში მძიმე ქრონიკული შეკრულობის მქონე პაციენტებმა.
მოქმედებს თუ არა პრეპარატი ნეგატიურად ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში?
ორსულობის პერიოდში რაიმე გავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის, რადგან სმექტას სისტემური ზემოქმედება უმნიშვნელოა. ორსულობის პერიოდში სმექტას გამოყენება ნებადართულია.
ახალშობილების/ჩვილების ძუძუთი კვების პროცესზე პრეპარატის რაიმე გავლენა მოსალოდნელი არ არის, რადგან დიოსმექტიტის სისტემური ზემოქმედება მეძუძურ ქალზე უმნიშვნელოა. ძუძუთი კვების პერიოდში სმექტას გამოყენება შესაძლებელია.
NS.