ჯაფარიძე: "ხვალიდან იქნება ერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი და მეორე - ცირკის მიერ არჩეული ბიძინას მორიგი ზებრა"
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსულ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის დაწყებამდე კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ მედიასთან იმაზე ისაუბრა, თუ რა კონკრეტული საკითხები უნდა განიხილონ სტრატეგიულ პარტნიორებთან.
დახურულ კარს მიღმა აუდიენციის დაწყებამდე ჯაფარიძემ თქვა, რომ რომ ევროდეპუტატებთან ყაველაშვილის ინაუგურაციაზე და იმ საკითხზე იმსჯელებენ, თუ როგორი დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეთ ცივილურ სამყაროს "ივანიშვილის ცირკთან" დაკავშირებით.
"ახალი რეალობა იქნება ხვალიდან, როცა იქნება ერთი მართლა ლეგიტიმური პრეზიდენტი და მეორე - ცირკის მიერ არჩეული ბიძინას მორიგი ზებრა" - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არის ისეთი ნაბიჯები, რომელიც შეიძლება ახლა გადაიდგას, რომელიც ჯერ არ გადადგმულა. ეხება ლეგიტიმაციას. ხვალ მასკარადს რომ აწყობენ და ინაუგურაციას რომ ეძახიან და ვითომ რომ პრეზიდენტი უნდა აირჩიონ, მაგ ნაწილში არის. ახალი რეალობა იქნება ხვალიდან, როდესაც იქნება მართლა ლეგიტიმური პრეზიდენტი და მეორე ცირკის მიერ არჩეული მორიგი ზებრა. მასთან მიმართებით დამოკიდებულება როგორი უნდა იყოს, მაგაზე შეიძლება მუშაობა", - ამბობს ზურა ჯაფარიძე.
ოპოზიციის შეხვედრა ევროპარლამენტარებთან - პროდასავლური პარტიების ლიდერები ამ წუთებში აუდიენციას პოლონელ და ლიეტუველ პოლიტიკოსებთან მართავენ.
საქართველოში ჩამოსული დანიუს ზალიმასი და მიხალ ვავრიკიევიჩი ხელისუფლების ოპონენტებთან ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა და საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკად ცემასა და წამებას განიხილავენ.
ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროპარლამენტარები მესამე სექტორს შეხვდებიან.