ექსკლუზივი: გდდ-ის ერთ-ერთი შეფი, რომელმაც პროტესტის ნიშნად უწყება დატოვა, "ხარებას" მოადგილემ სცემა

28.12.24 20:47
ექსკლუზივი: გდდ-ის ერთ-ერთი შეფი, რომელმაც პროტესტის ნიშნად უწყება დატოვა, "ხარებას" მოადგილემ სცემა

 

 

"ნოდარ მელაძის შაბათის" ხმაურიანი ექსკლუზივი - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა, ქვეყნიდან გამგზავრებამდე ინტერვიუ "ტვ პირველს" მისცა და რეჟიმი ამხილა. 

პოლკოვნიკი ამბობს, რომ  საქართველო უსაფრთხოების მიზნით დატოვა, რადგან მას ოჯახის ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ. მეტიც, ნოდარ მელაძისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუდან ირკვევა, რომ მას შემდეგ რაც, ირაკლი შაიშმელაშვილმა ზემდგომებს სამსახურიდან წასვლის შესახებ აცნობა, მას "ხარებას" მოადგილე ფიზიკურად გაუსწორდა. 

ბოლო მოვლენები იყო ჩემთვის ე.წ. წყალგამყოფი, ამას ვერც ფიზიკურად, ვერც ემოციურად და ვერც მორალურად ვერ გავუძელი, ამიტომ ვთხოვე ხელმძღვანელობას, რომ დავწერდი პატაკს - "ოჯახური პირობების გამო" წავიდოდი სამსახურიდან,  სტანდარტული ტექსტია - ვესაუბრე უშუალო ხელმძღვანელს და მინისტრის მოადგილესაც.

დეპარტამენტში კურატორ მოადგილეს ვუთხარი და მართლა ასეა, რომ ჯანმრთელობის სეროიზული პრობლემები მაქვს, სამსახურმა მთლიანად დაანგრია ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვფიქრობდი სამოქალაქოში წასვლას. იყო საუბარი, რომ ეს ღალატის ტოლფასი იყო, მინისტრის მოადგილემ მკითხა ამ პროცესების გამო მიდიხარო? და დავუდასტურე. გაგრძელება მოჰყვა ძალიან ცუდი -  ფიზიკური ანგარიშსწორების! ჩხუბი მომივიდა" - ამბობს შაიშმელაშვილი. 

ნოდარ მელაძის დამაზუსტებელ კითხვაზე, იყო თუ არა ფიზიკური თავდასხმა მასზე, მას შემდეგ რაც თქვა, რომ სამსახურიდან მოდიოდა,  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა თქვა: "ჩხუბი მომივიდა, იყო ფიზიკური თავდასხმა".

ბოლო დღეს, როცა წამოსვლას ვაპირებდი, ჩაბარებული მქონდა ყველაფერი, ოთახი დაცლილი მქონდა, მანქანა, გასაღები ჩაბარებული მქონდა, ID ბარათი ჩავაბარე, მშვიდად ვაპირებდი წამოსვლას, თუმცა ამის საშუალება არ მომცეს. ამ დროს "ხარებას" (ზვიად ხარაზიშვილის) ერთ-ერთი მოადგილე შემოვიდა და პროვოცირება სცადა. მას (ზვიად ხაზაზიშვილს) ორი მოადგილე ჰყავს - ჩემი კურატორი მოადგილე, მილერი ლაგაზაურია, მეორე მოადგილე მირზა კეზევაძეა. მე მილერისთან მქონდა საუბარი, ავუხსენი, მერე მირზა შემოვიდა, მირზასთან მომივიდა კონფლიქტი. მირზამ უთხრა მილერის, რომ "მოგატყუაო". როცა დავუფიქსირე რომ კი, ამ პროცესების გამო მივდიოდი, როცა ჩვენი შვილების ტოლა ახალგაზრდებს ქუჩაში სცემენ და ამ ყველაფრის მონაწილე ვარ, უბრალოდ აღარ მინდა აქ მუშაობა. 

კეზევაძე მეძახდა მოღალატეს, (იყო ფიზიკური ანგარიშსწორება) ვიჩხუბე, შეურაცხყოფას მაყენებდა"- ამბობს გდდ-ის ერთ-ერთი ყოფილი შეფი. 

ირაკლი შაიშმელაშვილის თქმით, "ხარებას" მოადგილის მხრიდან თავდასხმას, სატელეფონო მუქარები მოჰყვა.  

"თუკი ვინმე შეიძლებოდა, ჩემთან დაეკავშირებინათ, ყველამ დამირეკა. იყო პირდაპირი და ასევე ირიბი მუქარები. მემუქრებოდნენ შვილებზე. ყველაზე მძიმე აღმოჩნდა ის, რომ ეს წლები მჯეროდა, რომ სხვისი უსაფრთხოება უნდა დამეცვა და პირველად გავაანალიზე, რომ საკუთარი შვილები მყავს დასაცავი ქვეყანაში, სადაც, შეიძლება, სამართალი ვერ ვიპოვო. ამ ინტერვიუს მერე ფრენა მაქვს და საერთოდ მივდივარ ქვეყნიდან" - დასძინა პოლკოვნიკმა, რომელმაც ძალოვანი უწყება 22 წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა. 

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ განცხადება დაწერა, შსს-მ პატაკი გააჩერა და მის წინააღმდეგ გენინსპექციას გაცდენების მოტივით მიმართა, რასაც დისციპლინურ გადაცდომად თვლიან.

შაიშმელაშვილი "შაბათის ეთერს" ეუბნება, რომ გენ. ინსპექციაში მივიდა და უწყების წარმომადგენლებს მირზა კეზევაძის მხრიდან ანგარიშსწორებაზე მოუყვა, თუმცა უთხრეს „მაგ საქმეს არ ვიკვლევთო".

ყველაფრისთვის მზად ვიყავი, ის რომ სახლში შემოვიდოდნენ, მე არ ვიცი ხვალ რომ წავალ მომიწევს უკან დაბრუნება, მე ამის გარანტია არ მაქვს, ძალიან ძნელია ეს ყველაფერი. სამოქალაქო ცხოვრებაში სხვა ცხოვრებით ცხოვრობს ხალხი ძალოვან სტრუქტურაში რთულია. ჩვენ ამის მიღმა არაფერი ვიცით", - თქვა შაიშმელაშვილმა.

რაც შეეხება მის მიერ წამოსვლამდე  FB -ზე გამოქვეყნებულ სტატუსს, სადაც შაიშმელაშვილმა სოციალურ ქსელში 3 დეკემბრით დათარიღებული პატაკი გამოაქვეყნა და პოსტს საქართველოსა და ევროკავშირის დროშები დაურთო, გდდ-ის ყოფილი შეფი ამბობს რომ ამ ჟესტით ღავი გადაიზღვია: 

მე მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს, რადგან ვიცი, რაზე შეიძლება, ესენი წასულიყვნენ, რა შეიძლება, ეკადრათ, FB პოსტიც გადაზღვევა იყო"- თქვა  შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა. 

  • ექსკლუზიური ინტერვიუ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ უფროსთან, პოლკოვნიკ ირაკლი შაიშმელაშვილთან ნახეთ აქ