გომელაურის ოჯახი დე ფაქტო სანქციების ქვეშ მოექცა - სანქცირებულთა ფაილშია ხარებას შვილიც
ვახტანგ გომელაურის ცოლი და შვილი დეფაქტო სანქციების ქვეშ ექცევა. "ოფენ სანქშენმა", სადაც სანქცირებული პირების მონაცემები იტვირთება, ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის ცოლი - ნინო კუდუხაშვილი და მისი ვაჟი ლუკა გომელაურიც დააიდენტიფიცირა, როგორც განსაკუთრებული რისკის პირები. ახლა მათი მონაცემებიც სანქცირებულთა ფაილშია ატვირთული.
ამავე სიაში გამოჩნდა, ხარებას შვილი - ხარება ხარზიშვილი და მისი მოადგილის, მირზა კეზევაძის ოჯახიც.
გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, რომ დასანქცირებულ პირთა ოჯახის წევრებიც, ცხადია, განსაკუთრებული მონიტორნგის ქვეშ იქნებიან.
როდესაც ადამიანები შეყვანილი ჰყავთ მაგნისტკის სიაში, ეს არის ყველაზე მკაცრი სანქციები, რაც კი შეიძლება, დაწესდეს კონკრეტული პირის მიმართ. ამ შემთხვევაში, არა მხოლოდ ამ ადამიანის ფინანსური რესურსები და ქონების დაყადაღება და გაყინვა ხდება, ასევე აქ საუბარია სავიზო შეზღუდვებზე და საუბარია კონკრეტულ შეზღუდვებზე, რომელიც წესდება მათი ოჯახის წევრების მიმართ. შეიძლება, ზოგ შემთხვევაში, ოჯახის წევრები არც იყვნენ მოხსენიებულები, მაგრამ დე ფაქტოდ ისინი არიან მონიტორინგის ქვეშ და მათ აქვთ სერიოზული პრობლემები შექმნილი, - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური.
"პირველებმა" ფინანსისტებს ჰკითხა, რა ბედი ელით ბიზნესპარტნიორებს ივანიშვილის თუ სხვა სანქცირებულების შემთხვევაში. სპეციალისტები ამბობენ, რომ ისინი ახლა საერთაშორისო ბანკების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებიან. მათი თქმით, ეფექტი სანქცირებულ პირთა ბიზნესპარტნიორებისთვისაც მძიმე იქნება.
საფინანსო ინსტიტუტები და ყველანი, ვინც ჩართულები არიან ფინანსურ ტრანზაქციებში, როგორც წესი, იწყებენ დისტანცირებას ან სკულპულოზურ გადამოწმებას ნებისმიერი ტრანზაქციისას. რას ნიშნავს ეს? ავითოთ ნებისმიერი სახელი და გვარი, მაგალითად, გიორგი ისაკაძე. თუ გიორგი ისაკაძე შემჩნეულია სანქცირებულ პირთან რაიმე ტიპის ურთიერთობაში, ყველა ჩემი ტრანზაქცია გადამოწმდება 20-ჯერ და 30-ჯერ იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ეს ნიშნავს, რომ რასაც მე ერთ საათში ვაკეთებდი, ამას შეიძლება, დასჭირდეს დღეები. მაგრამ, აქაც არ მთავრდება გიორგი ისაკაძის ისტორია სანქცირებულ პირთან ურთიერთობაში. მე შეიძლება, ამის გამო მოვექცე ოფაქის და სხვა მონიტორინგის სისტემის დაკვირვების ქვეშ, რამდენად ჩემი თანხების წარმომავლობა არის სწორუპოვარი და არ არის კავშირში სანქცირებულ პირთან. ამიტომ, ეს არის ჯაჭვი. სანქციის დაწესება არის მხოლოდ დასაწყისი იმ გარემოცვისთის, რომელიც აპირებს ან არის ჩართული სანქციებში. ოჯახის წევრებიც, დედ-მამიშვილებიც მოიაზრებიან იმ სარისკო ზონაში, როცა ერთის მხრივ არ ხარ დასანქცირებულტა სიაში, მაგრამ შენს მიმართ გაზრდილია ყურადღება. ეკონომიკურ ენაზე ეს ნიშნავს სანქციის ირიბი ეფექტი, იმიტომ, რო სანქციას აქვს პირდაპირი ეფექტი სანქცირებულ პირზე, მაგრამ მას აქვს გაცილებით სხვად ააზიანებელი ფაქტორები, - ამბობს მედია კომპანია „ბი ემ ჯის“ გენერალური პროდიუსერი გიორგი ისაკაძე.