მაკრონის განცხადება დასტურია, რომ რუსეთის მოკავშირე "ოცნებას" ქვეყანაში ძალაუფლება მიტაცებული აქვს - სამადაშვილი
საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას კოალიცია "ძლიერ საქართველოში" საერთაშორისო დონეზე 26 ოქტომბრის არჩევნების არალეგიტიმურობის დასტურად მიიჩნევენ.
როგორც სალომე სამადაშვილი "პირველებთან" აცხადებს, მაღალი ტრიბუნიდან ემანუელ მაკრონის მიერ გაჟღერებული გზავნილები მიუთითებს იმაზე, რომ "რუსეთის მოკავშირე ხელისუფლებას საქართველოში ძალაუფლება მიტაცებული აქვს".
ყველასთვის ნათელია, რომ ამ სპეცოპერაციის ამოცანა იყო ევროკავშირის განდევნა ჩვენი ქვეყნიდან. ამიტომ იყო, რომ არჩევნები კობახიძის განცხადებით გაგრძელდა ევროპული გზის გაუქმების თაობაზე საქართველოსთვის. ეს განცხადება ადასტურებს იმას, რომ არანაირი შანსი არ აქვს ამ რეჟიმს, მოიპოვოს რაიმე სახის საერთაშორისო ლეგიტიმაცია, არანაირი შანსი არ აქვს საქართველოს, რომ ევროკავშირის გზაზე დაბრუნდეს, თუ არ დაინიშნება ახალი არჩევნები. ფაქტობრივად, მაკრონის განცხადება ადასტურებს იმას, რომ დღეს საქართველოში მიტაცებული აქვს ძალაუფლება კონსტიტუციის და საერთაშორისო დემოკრატიული ნორმების საწინააღმდეგოდ რუსეთის მოკავშირე ხელისუფლებას", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
ცნობისთვის, 6 იანვარს, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ პლატფორმა X-ზე განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოში დემონსტრანტებისა და სალომე ზურაბიშვილის გამბედაობას აფასებს. ამასთან, მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს.