ჰელსინკის კომისია მტკიცე ხმაა საქართველოს ავტორიტარული, პრორუსული შემობრუნების წინააღმდეგ - ჰამილტონი
"ქართული ოცნების" წარმოდგენებს, რომ "დონალდ ტრამპისთვის ძალაუფლების დაბრუნების შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება", ამერიკის ჯარის თადარიგის პოლკოვნიკი, ბობ ჰამილტონი "არასწორ გაგებად" აფასებს.
"საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის" ევრაზიის პროგრამის დირექტორი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის გუნდი შეცდომას უშვებს, როდესაც ფიქრობს, რომ ახალი პრეზიდენტის მეშვეობით საგარეო ურთიერთობებს გამოასწორებს.
ბობ ჰამილტონი "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ჯო უილსონის უმწვავესი განცხადებების მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ "ჰელსინკის კომისია მტკიცე ხმაა საქართველოს ავტორიტარული, პრორუსული შემობრუნების წინააღმდეგ".
“ქართული ოცნების” ხელისუფლება იმავე შეცდომას უშვებს, რასაც ბევრი სხვა მთავრობა [მსოფლიოში], როცა ამერიკასთან აქვთ საქმე. ესაა არასწორი გაგება იმის, თუ როგორ მუშაობს ამერიკული სისტემა და მიიჩნევენ, რომ მთელი ძალაუფლება თეთრ სახლშია თავმოყრილი, პრეზიდენტი ტრამპი ან ბაიდენი კი ყველაფერს გააკეთებენ, რაც ენდომებათ და როგორც კი დონალდ ტრამპი ძალაუფლებას დაიბრუნებს, ყველაფერი რიგზე იქნება.
კონგრესს ნამდვილად მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია საგარეო პოლიტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი მას თეთრი სახლი განსაზღვრავს. როდესაც საქმეში კონგრესი ერთვება, მას შეუძლია გამოსცეს კანონმდებლობა და თეთრ სახლს რაიმე ნაბიჯი გადაადგმევინოს, ან არ გადაადგმევინოს.
ჰელსინკის კომისია, ჯო უილსონის ლიდერობით, ძალიან მტკიცე ხმაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ევროპული მომავლის თაობაზე და საქართველოს ავტორიტარული, პრორუსული შემობრუნების წინააღმდეგ". - განაცხადა ჰამილტონმა.