"ოცნებისთვის" სავიზო სანქციების დაწესებამდე მხოლოდ ფორმალური პროცესი რჩება" - იოზვიაკის ინტერვიუ "პირველებთან"
"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს კორესპონდენტმა, რიკარდ იოზვიაკმა საქართველოში დემოკრატიის ძირის გამომთხრელთათვის ევროკავშირის საპასუხო ქმედებებთან დაკავშირებით "პირველებს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
გავლენიანმა ჟურნალისტმა კამერის წინაშე პირდაპირ თქვა, რომ EU-ის ოფიციალური პირები ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას აპირებენ - "მხოლოდ ფორმალური პროცესი რჩება".
რიკარდ იოზვიაკმა ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმისთვის სრულმასშტაბიანი სანქციების დაწესებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პროცესს "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული უნგრეთი და სლოვაკეთი ბლოკავენ.
"არსებობს ინდივიდუალური სახელმწიფოები, რომლებიც სანქციების გადაწყვეტილებას მიიღებენ" - აღნიშნა "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს კორესპონდენტმა.
ეს, ძირითადად, უკვე გადაწყვეტილი საქმეა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეს გადაწყვეტილება შობამდე მიიღეს, ახლა მხოლოდ ფორმალური პროცესი რჩება. არსებობს ტექსტი, რომელსაც ფორმალურად უნდა დაეთანხმონ დიპლომატები. ახლა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული, რომ ეს გადაწყვეტილება აღასრულონ.
რაც შეეხება სანქციებს, ამასთან დაკავშირებით ევროკავშირის შიგნითაც იყო მსჯელობა. ბევრი ქვეყანა ამის მომხრე იყო, მაგრამ როცა საქმე სანქციებს ეხება, ყველა ქვეყნის თანხმობაა საჭირო. უნგრეთი და სლოვაკეთი ამ საკითხს ბლოკავენ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ დათანხმდებიან.
შეერთებულმა შტატებმა ამასთან დაკავშირებით მყარი პოზიცია დააფიქსირა. არ მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე რაიმე ტიპის გავლენა ექნება, უნგრეთსა და სლოვაკეთზე, რომლებიც ძალიან ახლოს არიან "ქართულ ოცნებასთან". "ოცნება" ახლა უნგრეთისა და ბრატისლავას დაცვის ქვეშ იმყოფება, მაგრამ არსებობს ინდივიდუალური სახელმწიფოები - ევროკავშირი, ბალტიის ქვეყნები და ვაიმარის სამკუთხედი, რომლებიც სანქციების გადაწყვეტილებას მიიღებენ. იქნება ბევრი სანქცია, მაგრამ არა ევროკავშირის სახელით", - ამბობს რიკარდ იოზვიაკი.
ცნობისთვის, 6 იანვარს, რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 10 იანვარს ევროკავშირის ოფიციალური პირები აპირებენ, დაამტკიცონ ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება. მისივე ცნობით, შეზღუდვა, სავარაუდოდ, თებერვლიდან ამოქმედდება.