"ქართული კოშმარის" აქტმა რეჟიმის ჩამოშლის პროცესი უნდა დააჩქაროს - ბადრიძე
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიაში წარსადგენ "ქართული კოშმარის" აქტს საქართველოს ყოფილი ელჩი ბრიტანეთში, გიორგი ბადრიძე "ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლის პროცესის დაჩქარების" დოკუმენტად აფასებს.
დიპლომატი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ "აქტი რეჟიმზე პირდაპირ აისახება" და ქართველი ოლიგარქის მსახურები ივანიშვილის პოლიტიკის შედეგებს "საკუთარ თავზე იწვნევენ".
ამასთან, გიორგი ბადრიძე დასავლეთიდან წამოსული მწვავე გზავნილების საპასუხოდ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების თავდასხმასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მმართველი პარტიის განცხადებები "საბჭოთა სტილში გაკეთებული კონტრთავდასხმების სახეს იღებს".
ის უბრალოდ დააჩქარებს პროცესს, რომელიც არის გარდაუვალი. ჩემი აზრით, ეს არის ბოლო, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშისგან საერთაშორისო მასშტაბით. მან ამ რეჟიმის ჩამოშლის პროცესი უნდა დააჩქაროს, რომელიც აქამდე ეფუძნებოდა იმ წარმოდგენას, რომ ივანიშვილი ყველაფერს მიხედავს, ყველასთან ყველაფერს დაალაგებს და ჩვენც კარგად ვიქნებით. ეს არის ივანიშვილის დაპირება თავისი რეჟიმის წარმომადგენლებისადმი და როდესაც აღმოჩნდება, რომ ისინი თავად იწვნევენ საკუთარ თავზე ივანიშვილის ამგვარი პოლიტიკის შედეგებს, რეჟიმზე აისახება პირდაპირ ამ აქტით", - ამბობს გიორგი ბადრიძე.
“ქართული კოშმარის“ არაღიარების აქტი - კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, აშშ ოფიციალურად, დოკუმენტირებულად ბიძინა ივანიშვილს არალეგიტიმურ პოლიტიკურ ძალად გამოაცხადებს.
კანონპროექტის ტექსტი შეთანხმებული კონგრესის როგორც ზედა ისე ქვედა პალატასთან, შესაბმისად, მას როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიის კანონმდებლების სრული მხარდაჭერა აქვს. ჯერჯერობით უცნობია, რა პროცედურების და ვადის გავლა მოუწევს აღნიშნულ კანონპროექტს, თუმცა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ ტექსტი შეთანხმებულია და მზად არის კონგრესში წარსადგენად.