რასა იუკნევიჩიენე: ე.წ. ქართული “ოცნება” დემოკრატიის სირცხვილია
დემოკრატიულმა ერებმა ივანიშვილის რეჟიმის იზოლირება უნდა მოახდინონ - ამის შესახებ ევროპარლამენტარი და საქართველოზე მუდმივი მომხსენებელი, რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, არავითარი მაღალი დონის შეხვედრები მანამ, სანამ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება, ე.წ. ქართული “ოცნება” დემოკრატიის სირცხვილია.
“დემოკრატიულმა ერებმა ივანიშვილის რეჟიმის იზოლირება უნდა მოახდინონ - არავითარი მაღალი დონის შეხვედრები მანამ, სანამ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება!
ე.წ. ქართული “ოცნება” დემოკრატიის სირცხვილია. ივანიშვილი და მისი მეგობრები საქართველოს მართავენ ლეგიტიმურობის გარეშე, თავისუფალი არჩევნების აბუჩად აგდებით,” - წერს იუკნევიჩიენე.
ცნობისთვის, ამერიკელი კონგრესმენი და აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი "საქართველოს საერთაშორისო მეგობრების" ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს.
დასავლელი მაღალჩინოსნები, მათ შორის, ამერიკელი კონგრესმენები, ევროპარლამენტარები, ევროპელი დეპუტატები, ყოფილი ამერიკელი და ევროპელი თანამდებობის პირები და დიპლომატები ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას მოუწოდებენ, უარყონ ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი, დაასანქცირონ რეჟიმის წარმომადგენლები და მოითხოვონ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
დასავლელმა მაღალჩინოსნებმა განცხადებაში კიდევ ერთხელ გაიმეორეს მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ.