"ოცნების" ახალი განცხადება ძველი ნარატივით - რატომ ავრცელებს ივანიშვილის პარტია შეთქმულებებს ისევ Deep State-ზე
დასანქცირებული ლიდერის პარტია შეთქმულებებს არ ეშვება - ქართულმა ოცნებამ გლობალური ომის პარტიის არსებობის შესახებ ძველ, დაუსაბუთებელ ნარატივს ახალი სიცოცხლე შესძინა და დღეს დასავლურ სანქციებს მოარგო. პოლიტსაბჭოს ვრცელი წერილით ამ არარსებული ჯგუფის გავლენებით ახსნა ივანიშვილის გუნდმა ოცნების მაღალჩინოსნებზე დაკისრებული ფინანსური სანქციები და თქვა, რომ მისი ორგანიზატორი გლობალური ომის პარტია და დიფ სთეითია. აქ წერია, რომ ვიდრე ამ ჯგუფს ტრამპი და ევროკავშირი არ დაამარცხებს, მანამდე ოცნების მიმართ განწყობები არ შეიცვლება. ანუ ივანიშვილი ელოდება დამატებით სანქციებს და მას თავადვე აანონსებს.
"ოცნებას" არასდროს უთქვამს, ვინ ებრძვის ან ვის ებრძვის. თუმცა ფაქტია, რომ მისი სამიზნე დასავლეთია. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ ჩაიწერა ვრცელ წერილში ნარატივი იმის შესახებ რომ ყველა პრემიერი, პრეზიდენტი თუ მაღალჩინოსანი გლობალური ომის პარტიის წევრები არიან. რთული გამოსაცნობი არ არის, რომ მათში ივანიშვილი დასავლური სახელმწიფოების ლიდერებს გულისხმობს. ეს კი წინასწარ თქვა, რადგან სავარაუდოდ იცის, რომ ამერიკის შემდეგ მისი დასანქცირების გეგმა აქვთ ევროკავშირის ქვეყნებსაც.
"ოცნების" ამ შეთქმულების თეორიაში სიახლე არაფერია, ამიტომ ჩნდება კითხვა თუ რატომ გადაწყვიტა ეს ახლა კიდევ ერთხელ ეთქვა. არსებობს მოსაზრება, რომ ივანიშვილი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მას ლეგიტიმაცია არ ექნება. არც 20 იანვრის შემდეგ. ის ვერც ამერიკასთან ურთიერთობებს დაალაგებს, რადგან საიმედო ფაქტობრივად აღარაფერია. ახლა მას ვერც ორბანი დაეხმარება, რადგან მას შტატებთან ურთიერთობაში საკუთარი თავისტკივილი გაუჩნდა. სახელმწიფო დეპარტამენტმა ნატოს წევრი უნგრეთის მაღალჩინოსანი კორუფციის ბრალდებით მაგნიტსკის სიაში ჩასვა. ეს ფაქტი კი ივანიშვილისთვის ნიშანია, რომ ამერიკა არადემოკრატიულ სახელმწიფოებთან შეურიგებელია.