"რეჟიმის გადასარჩენად "ოცნება" ჰიბრიდულ ომს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ აწარმოებს" - გახარია
პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე, გიორგი გახარია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ივანიშვილის გუნდი რეჟიმის გადასარჩენას საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს.
"ოცნება" ცდილობს შეცვალოს ქართული კულტურული და ეროვნული კოდები - მტერს დაარქვას მოყვარე, მოყვარეს მტერი" - აღნიშნავს ყოფილი პრემიერი და ხაზს უსვამს, რომ დღევანდელი განცხადება იმ პროპაგანდისტული ხაზის სახიფათო გაგრძელება, რომელსაც რეჟიმი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად იყენებს.
„ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადება არის იმ პროპაგანდისტული ხაზის სახიფათო გაგრძელება, რომელსაც რეჟიმი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ.
ერთი შეხედვით, ღიმილისმომგვრელი თეორიები „გლობალური ომის პარტიასა“ და „დიფ სთეითზე“, სხვა არაფერია, თუ არა ამ საკითხზე სერიოზული დისკუსიის გახსნის მცდელობა, თავდაპირველად უწყინარ იუმორისტულ ჟანრში, შემდეგ კი - თავიანთი პროპაგანდისტული არხების მეშვეობით, საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმით, ადამიანებისგან სასურველი ქცევების მისაღწევად.
რეჟიმის გადასარჩენად „ოცნება“ აწარმოებს ჰიბრიდულ ომს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ: ის ცდილობს შეცვალოს ქართული კულტურული და ეროვნული კოდები: მტერს დაარქვას მოყვარე - მოყვარეს მტერი, მეგობარი გამოაცხადოს აგრესორად და მტერს მოუხადოს ბოდიში, ერთგულებას და ქვეყნის მსახურებას უწოდოს ღალატი, ღალატს კი - პატრიოტიზმი, ადამიანზე ძალადობა გაასაღოს ღირსებად და ამისთვის დააწესოს ჯილდო.
ეს, ერთი შეხედვით, შეშლილი თეორიები, რეჟიმის ეფექტური ინსტრუმენტების პირობებში, შესაძლოა, ერთ დღესაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების რეალობად იქცეს. ამიტომ, სისტემურად და თანმიმდევრულად უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, რომ სინამდვილეში „ოცნება“ ნიშნავს სიღარიბეს, ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციას, კორუფციას, ნარკომანიასა და კრიმინალს, უსამართლობას და დაუსჯელობას, ახალგაზრდებისგან დაცლილ ქვეყანას, ეს ყველაფერი - სახელმწიფოს ღალატის შედეგია.
უნდა ვესაუბროთ ყველას, პირველ რიგში კი მათ, ვინც ფსიქოლოგიური ძალადობის სამიზნეა, რათა ისინი არ დავტოვოთ მარტო რეჟიმთან უთანასწორო ჰიბრიდულ ომში ", - წერს გიორგი გახარია.
ცნობისთვის, დღეს, 8 იანვარს, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა.