რა ეტაპის გავლა მოუწევს "ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" - ია მეურმიშვილი პროცედურებს განმარტავს
"საიფერ ბრიფის" უფროსი საერთაშორისო კორესპონდენტი, ია მეურმიშვილი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, სავარაუდოდ, დღეს დარეგისტრირდება და უახლოეს მომავალში საგარეო საქმეთა ურთიერთობების კომიტეტს მოსასმენად გადაეცემა.
გავლენიანი ჟურნალისტის ვარაუდობს, რომ პროცედურული მხარე 20 იანვრამდე არ დასრულდება და კანონპროექტს ხელს არა ჯო ბაიდენი, არამედ შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოაწერს.
"ამერიკის ხმის" ყოფილი კორესპონდენტის ცნობით, კანონპროექტის მხარდამჭერთა წრე ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება და მას შემდეგ, რაც კონგრესი მას მხარს დაუჭერს, ია მეურმიშვილი მიიჩნევს, რომ დოკუმენტის მოწოდებებს არა მხოლოდ ამერიკა, არამედ არაერთი ევროპული სახელმწიფო გაიზიარებს.
კანონპროექტის თანახმად, დაახლოებით სირიის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც სირიაში იყო არაღიარება ასადის რეჟიმის, დაახლოებით იგივე კონტექსტი აქვს ამ კანონპროექტს. ეს, სავარაუდოდ, იმისთვისაც კეთდება, რომ ''ქართული ოცნების'' მთავრობასთან შეერთებულ შტატებს არ უნდა ჰქონდეს რაიმე სახის დიპლომატიური ან სხვა სახის ურთიერთობა, არამედ იმისთვისაც, რომ პარალელები გაავლონ ადამიანებმა და რაღაც კონტექსტი შეექმნას ამ კანონპროექტს, ეს არის ჩემი აზრით ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც იქნა სირია მოყვანილი ამის მაგალითად.
შეერთებულ შტატებს სხვა ქვეყნებთანაც აქვს არაღიარების პოლიტიკა, თუმცა იმის გამო, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი თემაა, სირიის თემა შესაძლოა ამის გამოც იყოს.
მთავარი არის ის, რომ დარეგისტრირდეს კანონპროექტი და ამის შემდეგ გადადის კომიტეტის მოსმენაზე, ამ შემთხვევაში აქტი ხვდება საგარეო ურთიერთობა კომიტეტის მიმართულებაში და გადაეცემა საგარეო ურთიერთობების კომიტეტს. უნდა შევხედოთ, რა ტემპით განვითარდება პროცესი. სავარაუდოდ, 20 იანვრის ინაუგურაციას დაელოდება და შემდეგ აქტს პრეზიდენტი ტრამპი მოაწერს ხელს. 20 იანვრამდე არ მოხდება კანონპროექტის მთლიანად გავლა, რაც გულისხმობს ორივე პალატაში კანონის მიღებას და გავლას'', - ამბობს ია მეურმიშვილი.
"ქართული კოშმარის არაღიარების აქტის" ზუსტი შინაარსი ამ დრომდე ცნობილი არ არის, თუმცა ამერიკულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კანონპროექტი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის არაღიარებას ოფიციალურად მოითხოვს და "ქართულ ოცნებასთან" ურთიერთობების ნორმალიზებას კრძალავს.
კანონპროექტი, რომელიც რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა და დემოკრატმა სტივ კოენმა წარადგინეს, ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს ცნობს.
ამასთან, საყურადღებოა, რომ მსგავსი პრეცედენტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში არსებობს. ნათელი მაგალითი 2023 წელს, კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ წარდგენილი "ასადის მთავრობის არაღიარების აქტია".