სამჯერ შეცვლილი საკანი, ანტისანიტარია, ტელევიზორის აკრძალვა, სატელეფონო კომუნიკაციის შეზღუდვა - ნიკა კაციას ოჯახი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
პროევროპულ აქციაზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული ნიკა კაციას ოჯახი "ტვ პირველთან" ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს - როგორც ტელეწამყვანის ძმა, ლაშა კაცია ამბობს პატიმარს, აკრძალული აქვს ტელევიზორის ყურება და სასეირნოდ გასვლა.
მისივე ინფორმაციით, კაცია გადაიყვანეს საკანში, სადაც ანტისანიტარიაა. ამასთან, ირკვევა ისიც, რომ გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ პატიმარს საკანი სამჯერ შეუცვალეს.
საკანი უკვე მესამედ შეუცვალეს - რამდენიმეჯერ სხვადასხვა მიზეზი თქვეს. თითქმის ყოველ დღე რეკავდა, ბოლო სამი დღეა, არ დაურეკავს და ბოლოს რისი თქმაც მოასწრო, იყო ის რომ დიდად დარეკვის საშუალება არ მაქვსო, სასეირნო დროს მიზღუდავენო, საკანში ძალიან დიდი ანტისანიტარიააო, ტელევიზორი არ მაქვსო. არადა ტელევიზორი ერთადერთი საშუალება, რითაც ინფორმაციას იგებდა. როგორც მითხრა, დარეკვის რაოდენობას უზღუდავენ.
პირველ ჯერზე, როცა საკანი შეუცვალეს, უთხრეს, რომ საკანი უნდა შეეწამლათ, რადგან ტარანკები იყვნენ. "მთავრობის" წარმომადგენლებს არ უყვართ ადამიანები, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის"- ამბობს პატიმრის ძმა.
გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება მსახიობის ადვოკატიც. მისი თქმით, ის ვრცელ კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც დაკავებულს შეხვდება.
ნინო ლომინაძის თქმით, ნიკა კაციას უფლებები დაირღვა, როგორც დაკავების დროს, ასევე მაშინ, როცა მოტყუებით მოაწერინეს ხელი, როგორც ჩხრეკის და დაკავების ოქმზე.
ნინო ლომინაძის განცხადებით, გამომძიებლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ დაკავებულმა და მისმა ადვოკატმა საქმის კურსში ჩააყენეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, თუმცა კაციტაძის უწყებას რეაგირება არ მოუხდენია.
ნიკა კაციას დაკავების შესახებ 8 დეკემბერს გახდა ცნობილი. ადვოკატ ნინო ლომინაძის თქმით, კაციას სამართალდამცავები სახლთან დახვდნენ, მანქანაში გადაისვეს და სხვა ტერიტორიაზე წაიყვანეს. ის ქუჩაში გაჩხრიკეს. როგორც მან უთხრა ადვოკატს, პოლიციელებმა ვიდეოც გადაუღეს, თუმცა ჩხრეკის შედეგად არაფერი ამოუღიათ.
9 დეკემბერს, სასამართლო სხდომაზე კაციამ თქვა, რომ დაკავებისას დამცინავად ექცეოდნენ.