ყოფილი მოსამართლე: უვადო მოსამართლედ დანიშვნის შემდეგ, შერჩეული კანდიდატი თავადაც არალეგიტიმური იქნება
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადო მოსამართლის შესარჩევ კონკურსს აცხადებს - განცხადებების მიღება 10 იანვრიდან იწყება. ყოფილი მოსამართლეები ამბობენ, რომ შერჩეულმა კანდიდატმა გასაუბრება არაღიარებული პარლამენტის დეპუტატებთან უნდა გაიაროს.
მათივე შეფასებით, უვადო მოსამართლედ დანიშვნის შემდეგ, შერჩეული კანდიდატი თავადაც არალეგიტიმური იქნება.
"ყველა ის მოსამართლე იქნება არალეგიტიმური, თავისი საქმიანობის განხორციელებისას, რამეთუ, არალეგიტიმური ორგანოს მიერ იქნება არჩეული. რომც აირჩიოს "ქართული ოცნების" პირთა ჯგუფმა, რომლებიც პარლამენტში არიან მოკალათებულები, და ხელისუფლება აქვთ მითვისებული, ვის წინაშე აპირებენ ამ ადამიანებმა ფიცი დადონ? შეასრულონ თავისი სამოსამართლეო უფლება-მოსილება, როდესაც მათი არცევის საფუძველი არალეგიტიმური იქნება"- ამბობს "ტვ პირველთან" საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი.
იურისტი კახა წიქარიშვილი დარწმუნებულია, რომ ე.წ. კლანი წინა პლანზე ოდიოზურ ფიგურებს წამოწევს, რადგან არალეგიტიმურ პარლამენტში კრიტიკული კითხვის დამსმელი აღარავინ არის:
"ამ კონკურსის შედეგად, ჩვენ შეიძლება კიდევ უფრო ოდიოზური ფიგურები მივიღოთ, წინა ხელისუფლების დროს დავალების შემსრულებელი მოსამართლეების სახით, რომლებიც ახლა კლანის დავალებებს ასრულებენ. ვინაიდან პარლამენტში კრიტიკული კითხვის დამსმელი აღარავინ არის, კლანს იმის შიში არ აქვს, რომ კანდიდატის ლუსტრაცია მოხდება, შესაბამისად ისინი არ მოერიდებიან ყველაზე ოდიოზური ფიგურების კიდევ უფრო წინ წამოწევას. - კახა წიქარიშვილი.
უზენაეს სასამართლოში ერთი მოსამართლის თანამდებობა 2025 წლის 1 სექტემბერს თავისუფლდება, რადგან უვადო მოსამართლეს, ნუგზარ სხირტლაძეს, უფლებამოსილება შეუწყდება საპენსიო ასაკის (65 წელი) მიღწევის გამო.
უზენაეს სასამართლოში კიდევ ერთი ვაკანტური თანამდებობაა - უვადო მოსამართლე შალვა თადუმაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა.
კონკურსის გამოცხადების განკარგულება 2024 წლის ბოლო სამუშაო დღეს, 31 დეკემბერს, გამოსცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ მარსაგიშვილმა.