სალომე ზურაბიშვილი - მინდა მიგიღოთ ახალ ოფისში, რომელიც ორბელიანების სასახლის გაგრძელებაა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალ ოფისში პირველი ბრიფინგი გამართა - ოფისი თბილისში, ვერაზე, ჭოველიძის ქუჩაზე მდებარეობს.
მინდა მიგიღოთ ამ ახალ ოფისში, რომელიც არის ორბელიანების სასახლის გაგრძელება. შეიძლება არ ჰგავდეს ორბელიანების სასახლეს, მაგრამ სული და სულისკვეთება აქ არის და აქ გრძელდება პრეზიდენტის ფუნქცია, ამ ქვეყნის,რომელიც დღეს ძალიან ღრმა კრიზისში იმყოფება, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოს კონსტიტუცია ფეხქვეშ არის გათელილი.
„ჩვენ ვიწყებთ 2025 წელს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც საქართველოს არ ჰქონია ძალიან ბევრი წელია, შეიძლება არც ჰქონია ამ ახლო წარსულში. პრაქტიკულად, ჩვენი სახელმწიფო, რომელიც შენდება და შენდებოდა დამოუკიდებლობის შემდეგ, დღეს დაშლის პირას არის, რამეთუ ყველა მისი ინსტიტუტი და პირველ რიგში, კონსტიტუცია აღარ არსებობს, კონსტიტუცია ფეხქვეშ არის გათელილი არა მხოლოდ იმ ცნობილი მუხლის გამო, რომელიც ასახავს ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლე, სადაც ის ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა, 29 დეკემბერს, მას შემდეგ დატოვა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია და ერთპარტიულ პარლამენტში მისი ინაუგურაციის ცერემონია გამართა.