"ოცნება" დააიგნორეს - ტრამპის ინაუგურაციას საქართველოდან მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი დაესწრება
დონალდ ტრამპის ინაუგურაცია მეორედ და პირველად დარღვეული საუკუნოვანი ტრადიცია - ამერიკის 47-ე პრეზიდენტი 20 იანვრის ღონისძიებაზე შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში ელჩების გარდა რამდენიმე ქვეყნის ლიდერს პატიჟებს. ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის საზეიმო ღონისძიებაზე ტრამპი ჩინეთის, სალვადორის და არგენტინის პრეზიდენტებს ელოდება. მრავალრიცხოვან სტუმართა შორის იქნებიან ყოფილი ლიდერები მოკავშირე ქვეყნებიდან და ამერიკელი ხალხი, რომელიც ამ ღონისძიების მთავარი ნაწილია. ამ დღეს საქართველოს არც ელჩი წარმოადგენს და არც "ქართული ოცნება". ელჩი არ გვყავს, ივანიშვილის მთავრობას კი მოწვევა არ მიუღია. ქართველი ხალხის სახელით ფიცის დადების ცერემონიას სალომე ზურაბიშვილი დაესწრება.
ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საქართველოდან ოფიციალური პირი ამ დრომდე არც არასდროს ყოფილა. მოლოდინი, რომ წელს ივანიშვილის მთავრობიდან ვინმეს დაპატიჟებდნენ, არც არსებობდა. თუმცა, საკითხი განსახილველი სწორედ იმის გამო გახდა, რომ შტატებიდან სალომე ზურაბიშვილი მიიწვიეს. მოწვევა კონგრესმენმა ჯო უილსონმა გადაწყვიტა და თქვა, რომ იწვევს როგორც ლეგიტიმურ პრეზიდენტს. მიიჩნევა, რომ ეს იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ "ოცნება" იქ არ იქნება.
არადა, 20 იანვარს საქართველოში ვინმე თუ განსაკუთრებით ელოდება, "ქართული ოცნებაა". და ახლა ამ დღეს ისინი წევრები თბილისიდან დააკვირდებიან. ზურაბიშვილის ადგილზე ყოფნის გამო გაბრაზებულებმა კი თქვეს, რომ შესაძლოა, მეხუთე პრეზიდენტი ფასიანი ბილეთით მიიწვიეს ანუ ზურაბიშვილმა ფული გადაიხადა.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.