დოლიძე: "თავისუფალი სასამართლო რომ გვქონოდა, ბევრი რამ დღევანდელობიდან არ მოხდებოდა"
კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ქეთევან ჯაჭვაძის მიერ საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ქვეყანას თავისუფალი სასამართლო რომ ჰქონოდა, დღევანდელობიდან ბევრი რამ არ მოხდებოდა.
აღფრთოვანებული ვარ რეჟიმის ტყვეების სიმამაცით და სიმშვიდით. ისინი დღეს თავისი ქცევით მაგალითს გვაძლევენ. გასაგებია, რომ სასამართლო კლანის მეშვეობით რეჟიმს ჰყავს არა პატიმრები, არამედ ტყვეები, რომელიც მას პოლიტიკაში გამოსაყენებლად სჭირდება. არაფერი თავისუფალი სასამართლოსი დღევანდელ პროცესს არ სცხია. უდიდესი საქმე, რომელიც მომავალ საქართველოს აქვს სწორედ დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნაა.“- განაცხადა ანა დოლიძემ.
ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მყოფი დაკავებულების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ხმაურით შეხვდნენ.
საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობდა. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე.
აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.