"ნამდვილი ჯგუფური ძალადობაა ის, რასაც "ოცნების" რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს უკეთებს" - პრეზიდენტი ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლითაც მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ საპროტესტო აქციის 11 მონაწილე წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს, რომ "ნამდვილი ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც "ქართული ოცნების" რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს უკეთებს".
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ საქართველოში მიმდინარე პროტესტის 11 მონაწილე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ნამდვილი ჯგუფური ძალადობა არის ის, რასაც "ქართული ოცნების" რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს უკეთებს", - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მყოფი დაკავებულების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ხმაურით შეხვდნენ.
საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობდა. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე.
აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.