განაჩენი, რომელიც სასამართლომ მტკიცებულებების გარეშე გამოიტანა, სჯის მშვიდობიან აქტივისტებს - ხაზარაძე
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის მიერ გამოტანილი განაჩენი მშვიდობიანი დემონსტრანტების დასჯას ემსახურება.
"რეჟიმი სასამართლო სისტემას იყენებს, როგორც ინსტრუმენტს განსხვავებული აზრის ჩასახშობად და უდანაშაულო ადამიანების დასაკავებლად" - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გარკვეული ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციების 11 მონაწილეს წინასწარი პატიმრობის ვადა გაახანგრძლივა.
განაჩენი, რომელიც სასამართლომ მტკიცებულებების გარეშე გამოიტანა, სჯის მშვიდობიან აქტივისტებს საქართველოს ევროპული მომავლის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის. “ქართული ოცნება” მათ ტყვეობაში ამყოფებს.
აუცილებელია, ევროკავშირმა და აშშ-მა მიიღონ ზომები ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლო სისტემას იყენებს, როგორც ინსტრუმენტს განსხვავებული აზრის ჩასახშობად და უდანაშაულო ადამიანების დასაკავებლად.
საქართველო ახლა მწვავე პოლიტიკურ კრიზისშია. ამ კრიზისიდან კი ერთადერთი გამოსავალი ახალი, სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა!" - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 დაკავებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში მყოფი დაკავებულების ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები ხმაურით შეხვდნენ.
საქალაქო სასამართლოში ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის პროცესი მიმდინარეობდა. საუბარია ასევე გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეებზე.
აქციების მონაწილე 11-ვე დაკავებულს რეჟიმის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.