"სენატი განწყობილია, მიიღოს ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველ ხალხს სჭირდება" - ჯაფარიძე
"სენატი განწყობილია, მიიღოს ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც ქართველ ხალხს სჭირდება" - ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფმა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც ვაშინგტონში სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრებს მართავს, ელოდება, რომ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად "ამერიკისგან ნაბიჯები დაჩქარდება".
ჩვენი ვიზიტი შეერთებულ შტატებში ემსახურება იმას, რომ გაფართოვდეს ჩვენი ხალხის მხარდაჭერა, ჩვენი ხალხის მისწრაფებების მხარდაჭერა, რომ საქართველომ დააღწიოს თავი რუსეთის იმპერიას ერთხელ და სამუდამოდ და დაიბრუნოს ევროპული და დასავლური მომავალი. აღდგეს შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორების ხელშეკრულება ჩვენს ქვეყანასთან, როგორც კი ახალი არჩევნები ჩატარდება.
უნდა გვესმოდეს, რომ სენატი განწყობილია დღეს, რომ მიიღოს ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც სჭირდება ქართველ ხალხს. უნდა ითქვას, რომ ახალი ადმინისტრაციაში, რომელიც 20 იანვრიდან იწყებს ფუნქციონირებას, არიან გამორჩეული პოლიტიკოსები ტრამპის ადმინისტრაციიდან. ეს არის მაიკლ ვოცი, რომელიც ძალიან გამორჩეულია ავტორიტარული რეჟიმის შეურიგებლობით.
მე ველოდები, რომ ნაბიჯები კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება ქართველი ხალხის კუთხით და ყველა ის ძალისხმევა, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველოში დაინიშნოს ახალი არჩევნები და ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან პირობებში, აუცილებლად იქნება შეერთებული შტატების მხრიდან მხარდაჭერილი. სწორედ ამ თემების წამოჭრას ვაპირებ ჩვენს პარტნიორებთან'', - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.