მზია ამაღლობელის პროცესი იწყება - ბათუმის სასამართლო პოლიციის ალყაშია
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, დღეს, 14 იანვარს, 11:00 საათზე, „ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი გაიმართება.
მოსამართლე აღმკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
ბათუმის სასამართლო პოლიციის ალყაშია - "დაზარალებული" ბათუმის პოლიციის შეფი ირაკლი დგებუაძეა, რომელმაც თვითმხილველების თქმით, ჟურნალისტს აგინა შემდგე კი მის დაკავების ბრძანება ტელეკამერების წინ გასცა.
- საბადრაგო სამსახურმა ჟურნალისტი უკვე მიიყვანა პროცესზე - მზია ამაღლობელს ხელში წიგნი: "როგორ დავამარცხოთ დიქტატორი" ეჭირა. (წიგნის ავტორი ნობელის პრემიის მფლობელი ფილიპინელი ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მარია რესაა).
- მარია რესა მთავრობის კრიტიკის გამო ცოტა ხნით დაპატიმრებულიც კი იყო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტები მივიდნენ, რომლებიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ:
პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს, თუმცა სასწაულები ხდება, ადამიანებს სხვადასხვა დროს სინდისი შეაწუხებთ ხოლმე. იქნებ, მოსამართლეს კარგად მოქცევა მოუნდეს"- ამბობს ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი.
„სასამართლოსგან არანაირი მოლოდინი არ მაქვს იმიტომ, რომ სასამართლო უბრალოდ არ არსებობს. მას თავიდან ბოლომდე მართავს ივანიშვილი. სასამართლო ბეჭედს დაარტყამს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რა ბრძანებაც რეჟიმისგან მოუვა. ცალკე აღებული სასამართლო, როგორც ინსტიტუცია, საქართველოში არ არსებობს. ის, რასაც ახლა თვალს ვადევნებთ, დღეს არ დაწყებულა, დიდი ხანია დაწყებულია, თუმცა დღეს ხელისუფლება ჟურნალისტების სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებაზე გადავიდა. ეს არის დემოკრატიის ბოლომდე განადგურების მცდელობა, ივანიშვილი ამას კარგა ხანია აკეთებს და ახლა ფიქრობს, რომ ეს არის ფინალური ეპიზოდი ამ დიქტატურის ჩამოყალიბების. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულება უნდა გავაგრძელოთ და წინააღმდეგობა, რაც საზოგადოებაშია, უნდა გაგრძელდეს. ორი გამოსავალი არსებობს - ან ივანიშვილი ინარჩუნებს დიქტატურას და ბოლომდე ანადგურებს დემოკრატიას საქართველოში, ან იმარჯვებს ხალხი, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიას დააბრუნებს. ეს ორი გამოსავალია და აქედან არაფრით არ შეიძლება გაიმარჯვოს ივანიშვილის გეგმებმა, აუცილებლად ხალხმა უნდა გაიმარჯვოს და დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება“,- განაცხადა ჟურნალისტმა ვახო სანაიამ.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დაიცავს.
მიხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.