ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება - თინა ბოკუჩავა და გიგი წერეთელი ბრიუსელში EPP-ს პოლიტიკურ ასამბლეას დაესწრებიან
ბრიუსელში „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ვიზიტი დაიწყო. თინა ბოკუჩავა და გიგი წერეთელი ვიზიტის ფარგლებში "ევროპის სახალხო პარტიის" პოლიტიკურ ასამბლეას დაესწრებიან, სადაც რეჟიმის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით რეზოლუციის კენჭისყრაა დაგეგმილი.
ოპოზიციონერ ლიდერებს ევოპელ პოლიტიკოსებთან პირისპირ შეხვედრებიც აქვთ დაგეგმილი. განხილვის მთავარი თემა გაყალბებული არჩვნები და ოლიგარქის რეპრესიები იქნება.
ჩვენ ვიმყოფებით ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ ასამბლეაზე, რომელიც არის ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური ოჯახი ევროპარლამენტში. დღეს პოლიტიკური ასამბლეა მიიღებს რეზოლუციას საქართველოზე, რომელიც მოუწოდებს ივანიშვილს გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, ასევე მოწოდება იქნება ახალი არჩევნების ჩატარებაზე, ისევე, როგორც არაღიარების პოლიტიკის შენარჩუნებაზე, რომლის ფარგლებშიც ევროპის სახალხო პარტია მოუწოდებს ყველა ეროვნულ დელეგაციას, რომ არ ცნონ „რუსული ოცნების“ წევრების უფლებამოსილება არცერთ საპარლამენტო ასამბლეაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფორუმი, სადაც შევხვდით ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტს, ისევე როგორც არაერთ ევროკომისარს და ჩამოვიტანეთ ქართველი ხალხის ევროპული სათქმელი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად,-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
"ერთიანობა ნაციონალური მოძღაობის" ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, ევროპის ყველა ლიდერს მიაჩნია, რომ ევროინტეგრაციის გზის გასაგრძელებლად, მნიშვნელოვანია, საქართველოში ახალი არჩევნები დაინიშნოს და პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ.
ბრიუსელში ყველაზე კარგად ჩანს თუ რა არის შედეგი იმ ანტიდასავლური პოლიტიკის და იმ ნაბიჯების, რომელიც გადადგა და დგამს დღეს არსებული დე ფაქტო ხელისუფლება. ყველა ლიდერს, ვისაც ჩვენ ვხვდებით, ევროკომისიის თუ ევროპის სახალხო პარტიის, ყველას მიაჩნია და ყველა დარწმუნებულია, რომ სწორედ ახალი არჩევნები, პატიმრების გათავისუფლება არის ის გადაწყვეტილებები, რომელიც მისცემს საშუალებას საქართველოს გააგრძელოს კიდევ უფრო აქტიურად შემდგომში ევროინტეგრაცია და სწორედ ამიტომ არის ეს ახალი რეზოლუცია მომზადებული, სადაც ძალიან მკაფიოდ იქნება გზავნილი ყველა ევროპის სახალხო პარტიის წევრისადმი, - განაცხადა გიგი წერეთელმა.