რეპრესიები საჯარო სამსახურებში - რას ამბობს საჯარო მოხელე დავით ჩხეიძე, რომელმაც სამსახური პროტესტის ნიშნად დატოვა
არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული რეპრესიული ცვლილების შემდეგ სახელმწიფო უწყებებს კადრები ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ. პოსტი ამჯერად საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰერალდიკის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ჩხეიძემ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა.
ჩხეიძე ამბობს, რომ რეპრესიებმა მასთანაც მიაღწია. მისი თქმით, დადგა არჩევანის წინაშე, მოაწეროს ხელი ხელშეკრულებას, როგორც ადმინისტრაციულ სამართლებრივად დასაქმებულმა პირმა ან დატოვოს სამსახური.
ჩხეიძე ამბობს, რომ შეუძლებელია დარჩეს საჯარო სასმახურში მაშინ, როდესაც ხელისუფლება კონსტიტუციური ჩარჩოდან სრულიად გასულია.
უკეთესი მომავლის იმედით გემშვიდობებით, როგორც საჯარო მოხელე, ყველაფერი წინ არის, - ამბობს ჩხეიძე.
23-24 წლიდან საჯარო სამსახურში ვარ, მიმუშავია სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში. არასდროს ვყოფილვარ პარტიულად მიკერძოებული და არ მიხელმძღვანელია პარტიული შეხედულებებით. გავიარე ატაშედან დაწყებული, წამყვანი სპეციალისტი, მთავარი სპეციალისტი, სამსახურის უფროსი, განყოფილების უფროსი და თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი 1-ელ იანვრამდე და დღეს მაქვს არჩევანი ან მოვაწერო ხელი ხელშეკრულებას როგორც ადმინისტრაციულ სამართლებრივად დასაქმებულმა პირმა, ან დავტოვო სამსახური. ავტომატურად იმ კანონით რომელიც მიიღეს არჩევნებს შემდეგ, აღარ ვიყო დასაქმებული ამ თანამდებობაზე.
[...] როდესაც იყო კანონი, რომელზეც გვითხრეს, რომ დაარღვევდა ურთიერთობებს დასავლეთთან, მე ამას გაგებiთ მოვეკიდე. გამოვხატე ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია, მაგრამ დავრჩი თანამდებობაზე; როდესაც მიიღეს მეორე წინააღმდეგობრივი კანონი, როდესაც მოხდა არჩევნების არაღიარება, როდესაც ერთმა პარტიამ მიანიჭა თავს უფლებამოსილება, რომ კონსტიტუციაში გაწერილი ნორმა შეეჩერებინა ერთპარტიულად, ეს ყველაფერი საჯარო მოხელეს აყენებს, რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევების წინაშე. როდესაც შეწყდა ურთიერთობები ევროკავშირთან და სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთნ, მუდმივად კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეს უდგას კითხვა - როდემდე? როდემდე შეიძლება დარჩე და იმსახურო, მაშინ, როდესაც პოლიტიკური ხელმძღვანელობა სრულიად გადის კონსტიტუციური ნორმიდან.
[...] ვრჩებოდი სახელმწიფო სამსახურში, რადგან ჯანდაცვამ, სამართალდაცვამ, თავდაცვამ არ იცის პარტიულ მიკერძოება, მაგრამ რეპრესიამ მოაღწია ჩემამდეც. მე დღეს ან უნდა მოვუხარო თავი ამ უკანონობას, ან არ უნდა მოვაწერო ხელშეკრულებაზე ხელი. მე ვფიქრობ, რომ არ იქნება სწორი ხელმოწერა.
ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას. თუ ეს ასე გაგრძელდა, ეს იქნება, ფაქტობრივად, უმძიმესი პოლიტიკური შედეგების მქონე მდგომარეობა. ერთადერთი, მე რასაც ვისურვებდი, რომ [საჯარო მოხელეები] ბოლომდე შეეწინააღმდეგონ არაკონსტიტუციურ და არასამართლებრივ ზეწოლას ზემოდან. მე მაშინვე გამოვხატე მზაობა, შევხვედროდი პრემიერმინისტრს, გვესაუბრა რამხელა დარღვევები იყო, მაგრამ დღეს მე ვარ არჩევანის წინაშე, რომ დავთანხმდე ამ რეპრესიებს თუ არ დავთანხმდე. მე არ მიმსახურია სხვა დროშისთვის, სხვა გერბისთვის. უკეთესი მომავლის იმედით გემშვიდობებით, როგორც საჯარო მოხელე, ყველაფერი წინ არის, - თქვა საჯარო მოხელე დავით ჩხეიძემ ვიდეომიმართვაში.