მზია ამაღლობელი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პატიმრობაში გაუშვა

14.01.25 13:02
მზია ამაღლობელი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პატიმრობაში გაუშვა

ბათუმელების დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პატიმრობაში გაუშვა. 

სახელაშვილმა პროკურატურის მოთხოვნა სასამართლო დარბაზშივე დააკმაყოფილა და აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. "რუსები", "მონებო" - სკანდირებენ ადგილზე შეკრებილები. 

პატიმრობის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, დაცვის მხარე მჟურნალისტის  მიმართ 100 ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

პროკურატურა აცხადებდა, რომ „არსებობს მიმალვის საფრთხე, რადგან სასჯელი ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”. უწყების წარმომადგენლის მტკიცებითვე, „არსებობს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხე”.

დაცვის მხარე პროკურორის მოთხოვნას უსაფუძვლოს უწოდებს. უფლაბედამცველების თქმით, წინასწარი პატიმრობა უნდა იყოს უკიდურესი ღონისძიება და არ უნდა იყოს დასჯის მიზნით გამოყენებული.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს. 

მუხლი, რომელიც  მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. 

 

 

მსგავსი სიახლეები