ვინ არის და რა ინფორმაცია იძებნება მოსამართლე ნინო სახელაშვილზე, რომელმაც ჟურნალისტს პატიმრობა შეუფარდა
ვინ არის და რა ინფორმაცია იძებნება მოსამართლე ნინო სახელაშვილზე, რომელმაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორს პატიმრობა შეუფარდა.
35 წლის ნინო სახელაშვილი ქუთაისში დაიბადა, ქუთაისში მიიღო საშუალო განათლება.
საჯარო წყაროების მიხედვით, 2010 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი, 2012 წლიდან კი - ამავე უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერიის მაგისტრატურა.
ეს ინფორმაციაა განთავსებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, სადაც მოსამართლეთა ბიოგრაფიული მონაცემებია გამოქვეყნებული.
ბიზნესის მიმართულებით მაგისტრატურაზე სწავლის პარალელურად, ნინო სახელაშვილს 2011 წლიდან სტაჟიორობა დაუწყია თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
2014 წელს ნინო სახელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადადის და სასამართლოს სხდომის მდივანი ხდება, 2016 წლიდან კი, ამავე სასამართლოში მოსამართლის თანაშემწეა.
2018-2020 წლებში ნინო სახელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტია.
სამუშაო გამოცდილების გრაფაში ახალგაზრდა მოსამართლეს ასევე მითითებული აქვს:
2010 წლის მარტიდან სექტემბრამდე იყო ააიპ „თბილისელების ადვოკატის“ იურიდიული კონსულტანტი.
2010 წლის აპრილიდან ივნისამდე იყო სტაჟიორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიულ კლინიკაში.
2011 წელს იყო სტაჟიორი თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
2012-2014 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მომსახურების ცენტრის წამყვანი სპეციალისტი.