მინდა ვუთხრა ივანიშვილს! - პრეზიდენტ ზურაბიშვილის საგანგებო მიმართვა
ახალი წლების შემდეგ რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ძალადობის, დაშინების, დაკავებების სერიას ერთადერთი მიზანი აქვს - "გააჩეროს პროტესტი, რომელიც არ გაჩერდება".
მისი თქმით, რუსული რეჟიმი ახალ ეტაპზე გადავიდა და ყველა იმ მეთოდს იყენებს, რაც პუტინის რეჟიმს ახასიათებს.
მივმართავ, უპირველესად, ჩვენს საზოგადოებას, რომელიც დღეს ალბათ, ძალიან აღელვებულია იმის გამო, რაც ქვეყანაში ხდება. ფაქტია, რომ ახალი წლის შემდეგ დაწყებულია რეპრესიების, დაჭერების, დაშინების ახალი ტალღა, რასაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ გააჩეროს პროტესტი, რომელიც არ გაჩერდება. გადავედით რუსული რეჟიმის ახალ ეტაპზე, რომელიც აშკარად ყველა იმ საშუალებას იყენებს, რაც ახასიათებდა და ახასიათებს რუსულ, პუტინის რეჟიმს.
ამის ერთ-ერთი მაგალითია ის, რაც მოხდა აბუ-დაბიში მოქალაქის მიმართ დეპუტატების მხრიდან, რომელთაც სხვა თუ არაფერი, მოთმინების ვალდებულება უნდა ჰქონდეთ, მაგრამ აქ არსად ჩანს მოთმინება, პირიქით - როგორც ჩანს დეპუტატები (არ ვიცი ინსტრუქცია აქვთ მიღებული თუ მათი ნებით ხდება) გამოყენებულები არიან ძალადობაში, რაც სრულიად გაუგებარია ჩვეულებრივი ქვეყნისთვის და მხოლოდ ავტორიტარულ, დიქტატორულ, ტოტალიტარულ რეჟიმებს ახასიათებს"- განაცხადა მეხუთე პრეზიდენტმა.
რაც შეეხება ექსპრემიერ გიორგი გახარიას მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას, პრეზიდენტმა ფაქტს, "სრულიად წარმოუდგენელი" უწოდა.
მისი თქმით, დაშინებისა და ძალადობის კამპანიის შესახებ საერთაშორისო საზოგადოება ინფორმირებული იქნება.
ასევე, ის, რაც ამ ღამეს მოხდა ერთ-ერთი პოლიტიკოსის, გიორგი გახარიას მიმართ ასევე სრულიად წარმოუდგენელია. არ მინდა გამოვარჩიო პოლიტიკოსები და სხვები - ყველა მოქალაქეს ეხება - არავის მიმართ არ შეიძლება ძალადობა, მცდელობა, რომ დააშინო მოქალაქეები. ეს არის მიუღებელი, ამის შესახებ საერთაშორისო თანადგომაც იქნება, რადგან არ შეიძლება, რომ ეს დავუშვათ.
ისე დაემთხვა, რომ დღეს საზოგადოების დიდი ნაწილის გაფიცვაა. სწორედ ეს გაფიცვა უნდა იყოს იმის მაჩვენებელი, რომ საზოგადოება არ დაშინდება, საზოგადოება შემართებითაა - იცის, რა უნდა და იცის, რა არ უნდა. არ დათანხმება საქართველო იმას, რომ ქვეყანა გადაიქცეს რუსულ რეჟიმად ბოლომდე. ამისთვის საქართველო იბრძვის და იბრძვის მშვიდობიანად“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა და უთხრა, რომ საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს:
მინდა ვუთხრა ბატონ ივანიშვილს, რომ ის მცდელობა, რომელიც აშკარად არის, პროვოცირება რაღაც კიდევ უფრო მძაფრი დაპირისპირების, რომ ეს გადაიზარდოს, ან ყოველ შემთხვევაში ამით დაგვაშინოს, რომ ეს გადაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირებაში, არის წარმოუდგენელი. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ, არ არსებობს ორი მხარე საქართველოში. არსებობს საზოგადოება და არსებობს ისინი, ვინც არიან ძალადობის მატარებლები, იქნებიან ესენი დეპუტატები თუ ის კერძო ადამიანები, რომლებიც თავის თავს ნებას აძლევენ, სოციალურ ქსელში გააჟღერონ ძალადობის გზავნილები. ესენიც არიან მონაწილე იმ ძალადობრივი რეჟიმის. ასე რომ, ერთ მხარეს არის რეჟიმი, მეორე მხარეს - საზოგადოება. ამ შემთხვევაში ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.