საქართველოში საყოველთაო გაფიცვაა - პრეზიდენტი ზურაბიშვილი ქუჩაში, გაფიცულებთან გავიდა

15.01.25 15:43
საქართველოში საყოველთაო გაფიცვაა - პრეზიდენტი ზურაბიშვილი ქუჩაში, გაფიცულებთან გავიდა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კოსტავას გამზირზე, სასტუმრო "სტამბასთან" გამოჩნდა, სადაც აქცია "გაიფიცე საქართველო" მიმდინარეობს. 

"დღეს ქუჩაში დგანან თავისუფალი ადაიანები"- უთხრა პრეზიდენტმა "ტვ პირველს". 

საყოველთაო გაფიცვა მსოფლიოში გამოცდილი პრაქტიკაა, მაშინ, როცა რეჟიმი შენს წინააღმდეგ ყველა ხერხს  და ყველა დონის რეპრესიას იყენებს. ესეთ დროს პროტესტის გამოხატვა ამ ფორმით ხშირად ხდება. მივესალმები, რომ საქართველოშიც ამ ახალმა ფორმამ თავი დაიმკვიდრა. 

ჩვენ დაგვჭირდება ყველა ფორმის წინააღმდეგობა იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც დღეს მიდის გამოწვევაზე, პროვოკაციაზე. არავის უფრთხილდება და მზად არის იმისთვის, რომ პროვოცირება გაუკეთოს ხალხთა შორის კომფრონტაციას, რომელიც არ არსებობს, არ იქნება და ვერ მიაღწევს შედეგს"- თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

საყოველთაო გაფიცვა  მთელს საქართველოში - სააფთიაქო ქსელები, სუპერ მარკეტები, სილამაზის სალონები, კვების ობიექტები, სკოლები, უნივერსიტეტები, ბაღები, მოკლედ მცირე და დიდი ბიზნესი ყველა ოლიგარქის  რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანდება. 

"გაიფიცე საქართველოსთვის" აქციაში  ახალი არჩევნების დანიშვნის  და რეჟიმის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით  პრაქტიკულად მთელი ბიზნეს სექტორი ჩაერთო.

თანამშრომელთა დიდი ნაწილი უკვე ქუჩაში დგას, ნაწილი კი პროტესტს ოფისებიდან უერთდება. საპროტესტო წარწერებით  არის აჭრელებული დიდი კომპანიების ვიტრაჟებიც. 

15 -დან 18-საათამდე იხურება სხვადასხვა მაღაზიები, კვების ობიექტები,  ოფისები და საწარმოები.