მზია ამაღლობელის წერილი ციხიდან
ნეტგაზეთისა და ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორმა, მზია ამაღლობელის წერილი რუსთავის ციხიდან - ჟურნალისტის შეფასებით, მისი დაკავება და წარდგენილი ბრალი რეპრესიული და სიძულვილით გაჟღენთილი პროცესების შედეგია.
წერილს netgazeti.ge ავრცელებს.
“ფაქტი, რომელიც მოხდა და ბრალი, რომელიც მაქვს რეპრესიული, მტრული, სიძულვილით გაჟღენთილი, ადამიანის და სიტყვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროცესების შედეგია. პროცესების, რომელიც ბოლო 1 წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოდის, როგორც დიქტატურა”, - წერს მზია ამაღლობელი.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან 11 იანვარს მიმდინარე აქციის დროს, თავდაპირველად, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.
გამოცემა "ბათუმელების" დამფუძნებელს რეჟიმმა ბრალი ოფიციალურად 13 იანვარს წარუდგინა. მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმის, 353-ე პრიმა მუხლით გაასამართლებენ. ბრალის დადგენილება პროკურორებმა ჟურნალისტს ბათუმის იზოლატორში გააცნეს. დაკავებული ქალი ახლა დუმილის უფლებას იყენებს. ჟურნალიტის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს.
მუხლი, რომელიც მზია ამაღლობელს წარუდგინეს, 7 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.
14 იანვარს მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 4 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება.